ვაჟა-ფშაველა
ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი
ბაკური
-გვიამბე, ელიზბარაო, რა ამბავ მოხდა ეღოსა? როგორ დაეცნენ ლეკები ბაკურის ციხე-ეზოსა? -არ მინდა, ძველი დარდები რომ გულში აიწეწოსა. მე რა ვთქვა? უნდა კაცობა ბაკურმა დაიკვეხოსა… ჩემფერეების სიცოცხლე სამარემ დაილეკოსა. -რად იტყვი, კაცო, მაგასა თავს რადა სწიხლავ ფეხითა? -სიმართლით მარტო ეს მეთქმის. მაშ ტყუილი ვთქვა კვეხითა? ვერ შავძელ იმის მხრის ჭერა, ვერ მოვკვდი, - სული მეტკბილა… ბაკურის ომი და ქცევა ნეტავი თვალით გეხილა! გული მკლავს, ცოცხლად რისთვისა მტერს ჩაუვარდი ხელშია, ამისგან ეხლა ფიქრები შხამად ამომდის ყელშია. თავის აღება არ მწადის, ვეღარც გავშლილვარ წელშია. -ხომ არ გაექე, რა ვუყოთ, არ დაგაცალეს სიკვდილი… ის რისთვის გესირცხვილება, რაიც არ არის სირცხვილი? ჩვენც ვიცით, აგრევ გავიგეთ ამბავი კილოკავადა; ერთმაც არ დაგგმო, ღვთის მადლმა, არ მოგიხსენა ავადა. გენუკავთ, ომის ამბავი ეხლა გვიამბო თავადა. -დიდი მოვიდა მტრის ჯარი, გარს შემოგვერტყა ღობედა, შვიდ დღეს ვიგერეთ თოფებით, მრავალი კიდევ ვხოცეთა; დიაცნი წამალს გვიწყავდენ, ქების ღირსნია სწორედა!.. მერვე დღეს ტყვია-წამალი გასწყდა, გათავდა სრულადა და ჩვენი შრომაც მაშინვე ჩავთვალეთ დაკარგულადა. უძილო, მშიერ-მწყურვალნი, მტერს, რომ ჩვენ მაშინ ვიყვენით! ბედმა გვიმუხთლა ტიალმა, გავცუდდით, გავირიყენით, მოდგა და მოდგა მტრის ჯარი, ციხის მოერტყა ლიბოსა; რჩებოდა ჩვენი ქავ-ციხე გულხადარას და დიდოსა. “უნდა ცოლ-შვილით მტერს დავრჩეთ, სირცხვილი კისრით ვზიდოთა! მას მემრე ტანზე აბჯარი როგორღა დავიკიდოთა?!” ცეცხლად გადიქცა ბაკური, მარტო ოხვრად და კვნესადა… გული ჰქცევია ტალადა, თვალები უჩანს კვესადა. “ვაჰ დედას მტრისას!” - ესა სთქვა, ხელი გაივლო ხმალზედა: “ისევ მე დაგხოცთ!” - და ცოლ-შვილს თავები დასჭრა წამზედა. მტერს მიეგება ციხის კარს, მეც იმას მივყევ კვალზედა. გაუხტა ხმალმოღერებით, ფრანგულმა გაიცინაო; თორმეტი მოჰკლა ციხის კარს, ერთურთზე დააწვინაო. ვეფხვსა დააცვდა კლანჭები, ბაკურმაც დაიძინაო.
ვაჟა-ფშაველა
ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი
ბერიკაული
ხმალს ჰლესავს ბერიკაული, დაფიქრებული ძალზედა, ჰლესავს დიდრონი სალესით, თან ცერს გადუსომს ფხაზედა. დიდხანს ეკიდა კაჩხაზე, არ გატანილა კარზედა. შემჭვარლული აქვს ქარქაში, მტვერი სდებია ტარზედა, ხმალი ჟანგს შეუჭამია, ვაჰ დედას მტრისას, რაზედა? მოსულან ახალ-უხლები, წამოსდგმიან თავზედა: „ხმალს ვისზე ჰლესავ, ბიძია, მაგრე გულმოდგინებითა? შენ უნდა ცელსა ჰლესავდე, ან ცულსა!“ - ჰკითხეს წყებითა. - თქვენ ბალღები ხართ, რა იცით, დღეში ათასჯერ სცდებითა. კარგახანს ვლესე ისინი, ვიქნიე ცული, ცელიცა, დავღვარე ოფლი მრავალი, მით მოვრწყე ტყე და ველია; მათ სამსახურში დავლიე წუთისოფელი მთელია. მაინც ვერ ამოვიყვანე უბეს პურს დანატრებულსა ვინ მომცა ლუკმა სველია? საკმაო ხანი ვითმინე, მოთმენა გამომელია. ახლა ხმალს ვლესავ გორდასა, გალესვა იმის ჯერია; იქნება იმან მიშველოს და მომაშოროს მტერია. აჭიმა ბერიკაულმა მაღლა წარბები სქელია და გადმოყარა თვალთაგან ნაპერწკლის ჯგუფი ცხელია. „მტერზე ჩვენ მივალთ ახლები, შენ დაწევ, დაისვენეა!“ - ჰმ! თუ წინ ბერი არ მოკვდა, ახლის სიკვდილი ძნელია! – კვალად სთქვა ბერიკაულმა, ოხვრა ამოჰხდა გრძელია.
ვაჟა-ფშაველა
ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი
ბოქაული
მინამ ქვეყნად გაისმოდა „ერთობა და სიყვარული!“ ჩვენმა მცველმა ბოქაულმა არ იცოდა სიბრალული. მუშტით, ჯოხით და მათრახით ხლხსა სთიბდა ბოქაული ისე, როგორც მოსულს ყანას კარგი ცელი მოფხაული. მაგრამ როცა ხალხი ნახა ყოველ მხრიდან მოზღვაული, იძახოდა: „ძირს მთავრობა, ნაჩალნიკი, ბოქაული, სუდიები, მინისტრები, ტანსაცმელით მოქარგული!“ პირში ლანძღვენ როგორც ბალღსა; მაშინ ჩვენი ბოქაული კრავად იქცა უვნებელად, დადის ოთხად მოკაული. ხალხთან ერთად „ძირსო“ ჰყვირის, ჰფიცავს გულში მუშტის ცემით: „თქვენ ი ძმა ვარ“, და პაგონებს იხსენიებს კრულვით, წყევით. წამოდგება მაღლობზედა ამაშფოთვარ სიტყვა-რჩევით. „თქვენთვის, ძმებო, მზად ვარ მოვკვდე, დავიტანჯო, გავიყიდო, ცოლ-შვილი თავს შემოგავლოთ, ყელზე ლოდი დავიკიდო!“ ხალხიც ამბობს: „გამოკეთდა, დრომ შეცვალა... ნამდვილია“. ერთმა ბრძენმა ვერ იფიქრა, ვის ნაწურთნი გაზრდილია. საცა ხვალს ხრავს, ძაღლი იქ ჰყეფს. ეს ვერ იგრძნო, ვერ გაიგო, მიტომ მოხდა, ბოქაულმა უარესად დღეს აგვიკლო. ხალხის პირი დაქუცმაცდა, დანაწილდა და გაიყო, უკან-უკან დაიხია, სასიკვდილოდ ვინც მზად იყო. რეაქციამ გაიმარჯვა, ბოქაულიც გამოცოცხლდა, სათვალთმაქცო სამოსელი გაიხადა, გამოცოცდა. როგორც გველი, გვეტევება, არა გვზომავს მოსაშხამად. დღეს გავიყეთ, თავში ვიცემთ, ძმა რომ დაგვდევს მოსაკლავად. ვნანობთ, მაგრამ რა იქნება! აღარ გვიძმო, მოგვაღორა, დღეს თვალებსვე გვიბრიალებს, ზურგში კეტი მოგვაყოლა. ძმად-ნაფიცი მეგობრები წუთისოფელს მოაშრა. გონს მოვედით, დღეს-ღა ვამბობთ: ნუ ვენდობით ბოქაულებს, ნურც იმათ ფიცს, ნურც საძმოდა შემოწირულს ორ შაურებს. სწორე უთქვამთ ცხონებულებს მამა-პაპას საგძლად ყურის: „ძაღლი იმის ერთგულია, ვინაც სწურთნის, ვინც პურს უყრის“.
ვაჟა-ფშაველა
ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალიარწივის დარდი
დასდევნებიყო მდევრადა წეროთა გადმამავალთა მარტოდ-მარტოკა არწივი, გამწკრივებულთა, მრავლითა. სწყენოდა მათი ნავარდი, გზას უკეტავდა სავალთა. საით სად მოთრეულები ზეიმითა და ზარითა სთელავდნენ მის სამფლობელოს, მთებს, მოყოლებით ბარითა, და არც კი ჰკითხეს პატრონსა სიტყვითა შესაწყნარითა. „უყურე ჯილაგ-გასაწყვეტთ!“ – შფოთავს ბურვილი ალითა - „მე არაფერსა მკითხავენ, არიან თავის ძალითა. მე მითომ აღარც კი ვიყო, და ჩემის მიწა-წყალითა ჰსურთ იქეიფონ და მე კი მაცქერინებდნენ თვალითა?! მოკვდი, არწივო, მაშინა გათავდი თავის ბრჯღალითა“! ამას ამბობდა, თან მკერდი მისდ-მოსდიოდა განზედა, ამონადუღი გულისა სეტყვად სცვიოდა თავზედა, არწივის რჩოლა და ქროლვა მეხად ტყვრებოდა ცაზედა. შურისძიების შედეგსა: დაბლა მიწაზე ვხვდებოდი თავ-პირ-დაჩეხილ წეროთა; ზოგი გზა-გზისპირს ეყრება, ზოგიც გართხმულა მდელოთა, თავად ცაშია თამაშობს, მიმოუქროდა სფეროთა. კოტრიალობდა ცის მკერდზე, ყაშყაშებს... დიაღ მღეროდა. საამო თუა, მტრის ცემით რომ გული მოვიჯეროთა?!ვაჟა-ფშაველა
ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალიამირანი
ადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმაზარი ტანისა კაცი ვინმე სჩანს კლდეშიო, გულის მდნობელი ნაღველი უხმოდ დუღს იმის მკერდშიო. უგრძნობი ჯაჭვი მკლავებზედ ეხვევა, როგორც გველიო, და აბლაბუდა თვალებზედ გადაჰკრობია ქსელიო. ტანზედ აჰსხმია ყინული და ხავსი შავის ფერისო, სდგას ესე დაჩოქებული, მომლოდნე ჯაჭვის მტვრევისო. პირდაპირ დაყუდებული ჟანგდება მისი ხმალიო, მოსვენებასა თაკილობს, ცრემლსა ღვრის, როგორც ქალიო. დაჰვიწყებია ეს მონა ძირს კაცსა, მაღლა ზეცასა, არ იხსენებენ მისგანა დევ-ეშმაკების ჟლეტასა. მოზარე წამებულისა ფეხთ ჩასწოლია ფინია, ამ პაწაწინა არსებას უცხო რამ დაუჟინია. დაუსვენებლად ენითა ლოკავს ჯაჭვს - უნდა გასწყვიტოს, რომ თავი იხსნას ტანჯულმა, ბილწი მჭედლები გასწყვიტოს, - რომელთაც გრდემლზედ გაჰკვერეს მის დასაბმელად ჯაჭვიო, არ შეიბრალეს მართალი, გაგზავნეს ტყვედა მთაშიო. რა გაწყვეტამდის მიიყვანს ფინია რკინის მართულსო, გულქვა მჭედელი გამოდის, გრდემლზედ კვერს უწყებს რაკუნსო. და ჯაჭვი ისევ მთელდება, გულის საკლავად მონისო. ნეტავ ეს უღვთო წვალება ამ გმირს გასწირავს როდისო?! როდის ადგება ამირან, ჯაჭვ-აბჯრით შემოსილიო, ჩამოსდნობოდეს ყინული და უცინოდეს პირიო. ეჭიროს ხელში თვის ხმალი, იცქირებოდეს ბარადა, მთა-კლდეთ გაჰქონდეს დგრიალი, მას თავს უკრავდენ კვალადა. მიწა იძრწოდეს, ღრუბელნი ფუოდენ, ხტოდენ შავადა, კეკლუცნი წვრილნი ვარსკვლავნი მთებზე სხდებოდენ ჯარადა. სადმე ზღვამ იგრძნოს ამბავი, კარგების სანატრელიო, დაუკრას ტკბილი საკრავი, ცას მიაწოდოს ხელიო. მუნით ჩამოწვეს ღრუბელი, გაჩნდეს ცეცხლ-სეტყვა ხშირია, იძახდენ მართლის ჯვარმცმელნი: “ვაჰმე, რა დიდი ჭირია!” მჭედლები ცოდვას ნანობდენ, ამტვრევდენ გრდემლებს, კვერებსო, თვის იარაღის ნაშთებზედ აფრქვევდენ მწარე ცრემლებსო.ოთარ ჭილაძე
მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგიაგარაკი
აცვივა წიწვი გადაშლილ წიგნებს, ჭადრაკის დაფებს,ზურგებს და მუცლებს... რაღაც გაკლია და ფიქრებს იკრებ, რაღაცა მოგწონს,რაღაცას უძლებ და აგარაკის მშვენიერ ქალებს კვლავ ყალბი ვნების ბურანში ახვევ და სადღაც,სულის სიღრმეში მალავ ქალაქის მტვერში გაცნობილ სახეს. იმ ქალაქივით ძვირფასს და უშნოს, იმ ქალაქივით მტანჯველს და კეთილს, დღემდე სათუთად ინახავ სულში, თუმცა არ იცი რას ნიშნავს შენთვის აცვივა წიწვი გადაშლილ წიგნებს, რომლებსაც ალბათ ფურცლავენ მხოლოდ ან არც ფურცლავენ...ასე სჯობს იქნებ, ვინც ცოტა იცის,უფრო ბევრს ცხოვრობს და უცებ ამჩნევ სადგურის კივილს ჩნდება ქალაქი მძიმე ხიდებით და როგორც მალე განსაცდელ ტკივილს გინდა გასცილდე და ვერ სცილდები. სადგური კივის კივის და კივის ოფლგადასკდარი ლითოი ბრწყინავს შენ კი იხსენებ უბრალო ღიმილს- გამქრალს დაკარგულს დიდი ხნის წინათ.ოთარ ჭილაძე
მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგიგალაკტიონ ტაბიძეს
ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო. ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი. და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით, მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი, მაგრამ ვიღაცა სახურავს მხიდიდა და ჩამდიოდა წვიმა კისერში. მე ვფხიზლდებოდაი და დიდი ბაღი ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით. ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი ნელა მისდევდა, როგორც იმედი. მე აღარ მახსოვს, რა მოხდ ადრე, ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი, მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებს ეკიდა წვიმის მძიმე ზარები. და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს შეშფოთებული უცქერდა ხალხი, უცქერდა ჩუმად და სველი კუბო მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი. ქუჩებში წვიმადა და წვიმის წვეთებს არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი. და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად წვიმით გაჭღენთილ სიკვდილის გვერდით.ოთარ ჭილაძე
მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგიგარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა ..
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა, გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს, მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები მაგრამ ვარ გხედავ,როგორც სიცივეს! გარეთ კი წვიმითსველი აბრები აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს, მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.... გათავდა.. აღარ ჩამოგეხსნები, არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე …… სულში. ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც... შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!..ანა კალანდაძე
პოეტინათელა ბალიაურის მონაწერი
ბევრს ახსოვთ სისხლი ამ ხეობებს და გზათა ვიწროთა... ვაჟკაცის ფასი... ჩვენც ვიცოდით და ქისტმაც იცოდა. (კარგად არჩევდნენ მეტოქეები გმირსა და ლაჩარს!): მტრის გვამთა შორის... იცვნეს დიაცი, როს დასწვდნენ ჩაჩქანს... ხელი არ ახლეს იმის იარაღს ამ წმინდა ძალით, - გვერდით დაუდვეს ჩაჩქანთან ერთად თავისი ხმალი... იცოდა ქისტმაც ვაჟკაცის ფასი, მასზე წუხილი, - მკვდრებს არ შესწირეს ხევსური ქალი, ხელ არ უხლიათ... ეს, ამღას იყო... ბევრ ახსოვთ სისხლი გზათა ვიწროთა... ვაჟკაცის ფასი... ჩვენც ვიცოდით და ქისტმაც იცოდა!ლადო ასათიანი
პოეტიასპინძა
1 ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს, თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო. გადაიარა წინადღის ბრძოლების პაპანაქებამ, ხმალს დასვენება უნდოდა, მხედრობას — დაბანაკება. გადალეწილან შუბები… დროშები ჩამოძენძილან… ნაომარ ქართველ მხედრობას ტრიალ მინდორში ეძინა. მთვარემ მძინარე სახეებს ბნელი ბურუსი გადახსნა, სუნთქვა მძინარე რაინდთა აბიბინებდა ბალახსა. გართხმულან მწვანე ბალახში ზვიადნი, მსხვილბარკლიანნი; ზოგი ლომია ლომგული, ზოგიც ვეფხია ბწკლიანი. ერთიღა დადის ბანაკში, - ეს, ალბათ, ირაკლი არი. აქა-იქ ცეცხლი ანთია, თოფზე მიკრულან გუშაგნი, თვლემენ ცხენები მორთულნი ლამაზ უნაგირ-უზანგით. შორს კლდეში ჭოტი გაჰკივის, მდინარე მიდის დუდუნით, ხმიანი ხვრინვა გაისმის, თოხარიკების ფრუტუნი. გადალეწილან შუბები… დროშები ჩამოძენძილან… წუთით გატრუნულ ქარიშხალს ცხენის ფაფარში ეძინა. იქნებ, სიზმარი გვესიზმრა, იქნება, არის ზღაპარი, ვით შეიკედლებს ქარიშხალს ფიცხელი ცხენის ფაფარი? ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს. თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო. 2 გართხმულან მწვანე ბალახში მაღალნი, მსხვილბარკლიანნი, ზოგი ლომია ლომგული, ზოგიც ვეფხია ბწკლიანი, ერთიღა დადის ბანაკში, - ეს, ალბათ, ირაკლი არი… სმენად ქცეულან მეფის წინ აღაბაბა და ხუდია, ნეტავ რა უნდა მეფესა, გულში რა ცეცხლი უნთია? - ცუდი იღბალი გვიღიმის, უომრად გავისრისებით, თუ არ დავხერხეთ ამაღამ ასპინძის ხიდის ისრები, რომ მტრის მაშველი ჯარები ვერ გამოვიდნენ ხიდზედა, რაღა მაშველი სჭირდებათ, ბევრი არიან ისედაც. ამაღამ ხერხი ვიხმაროთ, ხვალისთვის ხმალი ვინებოთ. აბა, გაფრინდით, სამშობლოს დროშა გფარავდეთ, შვილებო! აჩრდილებივით მიდიან აღაბაბა და ხუდია, ალბათ, იმიტომ არ ჩანან, უჩინმაჩინის ქუდი აქვთ. გარშემო ისევ უღონო ღამეა ჩამოძენძილი, ძილფხიზლად სძინავთ ვაჟკაცებს, ღელავს ულვაშთა ჯეჯილი, ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს, თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო. ვ ინათა... ცისკრის ვარსკვლავის ბრწყინვამ წყვდიადი გარიყა, ატოტდნენ თეთრი ცხენები, გამოეღვიძა ქარიშხალს. გაშალეს ძუა-ფაფარი, კორიანტელი დაირხა… სინამდვილეში ზღაპარი ასე ახდება ხანდისხან. მოიგდეს თეთრი ნაბდები, მიუხარიათ მხარიმხარ. ქართველო მამულიშვილო, ხელი ვადაზე გაიკარ! მტერი ასპინძის სიმაგრეს შემოესია სერიდან, წინა რიგებში მიგელავს პატარა კახი ცხენითა, შეხვდება კოხტა ბელადსა, ხმალდახმალ გამოიტაცებს, ტყვიას დაახლის ბეჭებში, უსულოდ დასცემს მიწაზე: — ხმალი წუნკლებსო! - შესძახებს, რაზმებში გადავარდება, — ასე სჩვევია ცხენდაცხენ ქარიშხალს განავარდება. ასეთ ღელვაზე საკვირველს იტყოდნენ მამა-პაპანი: — ზღვა როცა გაიფოფრება, ზეცაში ავა ფაფარით! 4 კაფეს და კაფეს ქართველთა, ვიდრე ჰყოფნიდათ ხმლის სისქე, შეშინებულმა მტრის ჯარმა პირი იბრუნა ხიდისკენ. ხიდი რომ არი, ხიდიც კი ომში ხანდახან ხუნდია, განა ამაოდ იღვწოდა ბორჩალოელი ხუდია! ყური დაუგდეთ, გრძნეული ადგილის დედა ჩურჩულობს: წყალმა წაიღო წყეული, შემოსეული ურჯულო!ლადო ასათიანი
პოეტიბარდნალა
რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი, ჩემი ხორგო და მარანი, ჩემი ცეცხლი და ღადარი, სახლის წინ ნაგრიგალარი, გაფითრებული ჭადარი, ჩემი კავი და სახნისი, ჩემი თონე და ბეღელი და დედა, დიასახლისი, ჯანღონე გაუტეხელი, ჩემი პაწია ქოთანი, დუღილით ნაქოთქოთარი! რა კარგი იყო ბარდნალა, როგორი სათაყვანები! ვარდებიანი ბარდნარი და გუმარეშის ყანები! თოხი პირგამოპირული, გაციებული ბინული... გახსოვს, ტყეები? ირიბად ხეზე დაკრული თარჯები… ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს, შეყვარებული დარჩები … გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი, თევზაობა და აპრილი? გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით, და ძლივს რომ მივაბიჯებდით, სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით მისგან დამთვრალი ბიჭები? გახსოვს, ღვინიან შემოდეგს აივანზე რომ შემოვდექ? გახსოვს, აფთარი ზამთარი, ან გაზაფხული - პირიქით? გახსოვს, ამტყდარი ავდარი და სარეწკელას ბილიკი? გახსოვს, სოფელი ლარჩვალი და მეწისქვილე დამხრჩვალი? გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი და ვარდიგორას ხანძარი და დიდი გუჯუ ბატონი თავისი ქამარ-ხანჯალით? ხან ისე იყო, ხან ასე, გახსოვს, ცაგერის ჭალაზე? ეჰ, რა იქნება ხელახლა დაიწყებოდეს თავიდან, რაც დროის დენამ შელახა, რაც დროსთან ერთად წავიდა! რა კარგი იყო ბარდნალა, როგორი სათაყვანები! შენ, მამაჩემო, რად დარდობ, რამ დაგისველა თვალები? ან შენ სადა ხარ, დედილო, რომ ლექსი გამაბედვინო?! რად არ ჭიხვინებს ვეება ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი? ჰეი, ბავშვობის დღეებო, დაბრუნდებოდეთ ნეტავი! რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი!ლადო ასათიანი
პოეტიბასიანის ბრძოლა
1 დედაქალაქში მოვიდა დესპანი გამოჩენილი, ნუქარდინს გამოეგზავნა თამარისათვის წერილი. ენისგან უთქმელს, უკადრისს იწერებოდა მურდალი: ”მე, იკონიის სასულთნოს სახელოვანი სულთანი, გამცნობ ქართველთა მეფესა (მეფეთა გადამჯეგელი), რომ დედაკაცი ყოველი არის შენსავით რეგვენი. იქამდი როგორ ამაღლდი, ან ისე როგორ გალაღდი, რომ დღეს სუყველა გმორჩილებს, ვისაც მონებდი მანამდი, რომ ქვეყანაზე გაისმის შენი ჯარების გნიასი! ლამის სირცხვილით დავიწვათ, თავზე გვაზიხარ დიაცი! ან რა უფლებით გაბედე ხელში მ ხმალის დაჭერა, რომელიც დიდმა ალაჰმა მარტოდენ ჩვენთვის გაჭედა, მარტოდენ ჩვენთვის გაჭედა, და ვით იქნება, ასპიტო, რომ იმით ქრისტიანებმა მუსულმანები გაწყვიტონ? მუსულმანები გაწყვიტონ და პირჯვრის გადასახვამდი აჰკრიფონ გაუგონარი ბეგარა-გადასახადი! ჰოდა, რადგანაც საკუთარ ბუნაგში აღარ ჩერდები, ახლა მე შენზე მოვდივარ ჩემი მამაცი მხედრებით. გამომიწვრთნია ომისთვის მშვიდობას შეუჩვეველნი, წინ მანქანები მომიძღვის, სიმაგრეების მნგრეველი, უნდა იმგვარად დავლეწოთ თქვენთა ციხეთა ბურჯები, რომ ხორნაბუჯში ხორნაბუჯს ეძებდეს ხორნაბუჯელი, რომ დაგავიწყდეთ მარადის ლახვარ-მახვილის აღება, რომ მზეს კვლავ ვეღარ შესცინოს ქართულმა ბაირაღებმა. მაგრამ, უგბილო დიაცო, თუ ჩემი ჯარის მოსვლამდი შენს რჯულს უარყოფ, რომელსაც მუდამ დიდებით მოსავდი, მაჰმადიანი გახდები, კარავში გამოცხადდები, — შეგიწყალებ და შეგინდობ, სულაც არ გაგიცხარდები. ეს მხოლოდ შენთვის ლამაზო, სხვას არვის ვაძლევ არჩევანს, ისე დავანგრენ ქვეყანას, მთხრობელიც აღარ დარჩება!” 2 ცას ჰგავდა ვარსკვლავიანსა სამეფო სახლის თავანი, ტახტზე დიდბუნებოვანი შვენოდა მეფე თანარი, სულთანის გამოგზავნილი ხელში ეჭირა წერილი — დიდი ტრიალი მინდორი ცხენთაგან გადათელილი, წინ ელჩი იდგა, დაღლილი მგზავრობის დავიდარაბით (სარკმლიდან ცანდა, ეზოში ლომებს აჭმევდა არაბი). ბატონკაცური დუმილით დუმდა დიადი დარბაზი, წითელი ოქრო გინდოდა, თუ ზღაპრად თქმული ალმასი! მდიდრულ კედლებზე ელავდა ინდოეთი და ელადა და სტავრა არაბეთისა ცეცხლის ალივით ღელავდა... ეს ნაკადული ნანაობს თუ ყანა ნათავთავარი! — სულთანის წერილს კითხულობს შუბლშეჭმუხვნილი თამარი. ”ნეტავი დღესვე მიბრძანოს ურჯულოებზე თარეში”, — ფიქრობს მხარგრძელი და თავის პატრონს შეჰყურებს თვალებში. მიწყდა ხმა ნაკადულისა — მეფემ გადადო წერილი და ელჩისაკენ მიბრუნდა შველივით ყელმოღერილი: — სხვას კიდევ რაღას გვიბრძანებს სახელოვანი ნუქარდინ, ჯერ არც კი ამხედრებულა, ქვეყანა შესძრა მუქარით.— — სხვა, ესეც შემოგითვალათ: თუ რჯულს დასტოვებს თამარი, შევინდო, ცოლად შევირთო, ვუბოძო საქმრო ქამარი, მაგრამ თუ ასე არ იზამს, მტერი ყოფილა თავისა, რჯულს ძალით შევაცვლევინებ და მერე ხასად დავისვამ!”... სისხლი მოაწვა მხარგრძელსა, გული ქარ-ცეცხლით აევსო, ერთი ხმამაღლა შეჰკივლა: — რა სიტყვით სწამლავ ჰაერსო, და პატრონივით ენაბილწს სილა გააწნა ისეთი, გომდაკარგული დაასკდა იატაკს ეშმაკისერთი. წარბები შეჰკრა თამარმა — რად მოეპყარო უშვერად?! — თავსაც მოვჭრიდი მეფეო, მაგრამ ელჩობამ უშველა, რაინდი მეფის ძვირისმთქმელს ბევრს როდი ალაპარაკებს, დილეგში წაიყვანეთო! — კუშტად უბრძანა არაბებს. ფეხზე წამოდგა მნათობი, მეფეთა მეფე თამარი. ამირსპასალარს მიმართა: საზრუნავი გაქვს მთავარი, მთრის ღირსეულად დახვედრა ნუ გვეგონება ადვილი, ამაღამავე მოვაწყოთ დიდებულების თათბირი. გადაწყდეს, სეფე ჯარს ვენდოთ, თუ ქუდზე კაცი შევყაროთ, რომ თურქმა შემოსეულმა ბოლოს ვერ დაიმკვეხაროს, თორემ ტვინამღერებული ქვეყანას საფრთხეს უქადის. გმირულად, მამაპაპურად დავხვდეთ სისხლისმსმელ ნუქარდინს. — ნება შენია მეფეო! — დინჯად ეტყოდა მხარგრძელი, — ომი მომწყურდა, ამ ქვეყნად უომრად ვეღარ გავძელი. დარაბაზის ერი მოვიხმოთ და ასჯერ გამსჯილ ბრძანებით, ბრძოლის ველისკენ ვაფრინოთ ჩვენი სამშობლოს ჯარები. — ომი უნდოდა მხარგრძელსა, ჯაჭვის პერანგის მორგება, ვაჟკაცსა სახელიანსა ისე არ დაედგომება... წინ ჩაუქროლეს განვლილმა, გაცივებულმა ომებმა. ეზოში ზარბაზნებივით დაიღრიალეს ლომებმა. 3 ვინც კი აიარაღს ატარებს, გულითადია მეფისა, ვინც დროშას გორგასლიანსა დაუჩოქა და შეჰფიცა, ყველა ლაშქარში, ვაჟკაცი ერთგული ვინც გვეგულება, — იმსჯელეს და გადაწყვიტეს მეფემ და დიდებულებმა. აიღო მინა რხეული (ამბობდნენ შოთას ნაჩუქარს), დაჯდა თამარი და სულტანს ასე მისწერა პასუხად: — ”რა გითქვამს, რა მოგიჭორავს, რას მეშარები შორიდან, ტყუილ-უბრალოდ ცილს მწამებ, ალბათ, სისხლისღვრა მოგინდა; ალბათ, სისხლისღვრა მოგინდა, თორემ, მაშ, რისთვის ისურვე, რომ მოგეჩმახა ასეთი უმაგალითო სიცრუე?! ჰოი, უგნურო ნუქარდინ, წინ მიძევს შენი ბარათი, კარავში მოსვლას მიბრძანებ კაციჭამია ჯალათი... მოვდივარ, მაგრამ სხვაგვარად, თავად გაიგე და მიხვდი, მოვდივარ ჩემის ლაშქრითა, თუ ვაჟკაცი ხარ, დამიხვდი. მოვდივარ შენს დასასჯელად, თავლაფდასხმულო, თავნებავ, დაგამარცხებ და დაგიცხრობ მაგ უშნო ამპარტავნებას!” მეფე მსახურებს ეტყოდა: სასწრაფოდ დესპანს უხმეთო. შემოიყვანეს დილეგში ღამენათევი, უღმერთო. უცხო სამოსში შემოსეს შავს მტვერში ამოგანგლილი და სიამაყით გადასცეს მას საპასუხო გრაგნილი. გულუხვად დაასაჩუქრეს, სხვას ვის არგუნეს იმდენი, ფეხმარდი ლაფშა მიართვეს, წავიდა დიდის დიდებით. მიჰქონდა ოქრო და ვერცხლი, თვლები და მარგალიტები და ყბაზე დამღა — მხარგრძელის კელაპტრის სიმსხო თითები. 4 შეკრბა სრულიად სამეფო სპა იმერთა და ამერთა, ზღვის ფსკერზე ქვიშას, ზეცაში — ვარსკვლავებს გადაამეტა ერთ ძლიერ ჯარად შეკრული, დაუშლელ-განუფანტავი, — ქართველი მამულიშვილი ნიკოფსით დარუბანდამდი — ჯარები ოვსთა, ყივჩაღთა, კახთა და ჰერთა გულადთა, — ერთმანეთს დატოლებულნი, ფიცვერცხლნაჭამი ძმურადა. ქართლის, მესხეთის, სომხითის ვაჟები მალხაზ-მალხაზი, თორელნი, ტაოელები, შავშ-კლარჯები და აფხაზნი, ფიცხი და მკვირცხლი ლაზები, სვანები ბუმბერაზები და რაჭა-თაკვერ-არგვეთის მამაცი სუმპერრაზმები. აბორგდნენ, აბობოქარდნენ, როგორც ზვირთები არაქსის, და მეფის ირგვლივ მოგროვდნენ ვარძიის ციხე-ქალაქში. მეფემ ფრთებგანათებული სამეფო დროშა გაშალა და საქართველოს უძლეველ ჯარს დაულოცა გზა-შარა. თავად კი ლოცვა-კურთხევით ქალაქ ოძრახეს წავიდა, თავს დაჰნათოდა სულმნათსა მაისის ცა ვარსკვლავითა. 5 ერთს შესახედად კმაროდა ლაშქარი ომს მიმავალი: წინ მიუძღოდა სოსლანი — ვაჟკაცი ჰაეროვანი. სოსლანის გვერდით პირქუში მხარგრძელი განგაცვიფრებდათ. იქვე ნახავდით შალვას და ივანეს ახალციხელთა; უკან პორფირით მოსილი მისდევდათ ჯვარისმტვირთველი, ნება-ნებაზე მიქროდნენ ქართველი ჯარის ზვირთები. ყველა გულმარიხიანი, ერთიც კი არა ჯაბანი... ცხენთა და კაცთა სიმრავლით იზნიქებოდა მთა-ბარი. 6 – სიტყვა და საქმე ერთი მაქვს, ჩვეული არ ვარ ცრუქადილს ეთქვა რა, თავის მხედრობა წამოეყვანა ნუქარდინს. ბასიანს იდგა ბანაკად, რიცხვით რამდენი, ვინ იცის? იდგა და გასალაშქრებლად ემზადებოდა დილისთვის… დილაც გათენდა და თეთრად კარვებზე დასხდნენ ნისლები. ჯერ კიდევ სძინავს სულთანსა თავისი დარბაისლებით. – გალაღებულა უგნური, რა დღე მოელის არა სჯის, კარვების არემარეში ერთიც არ ფხიზლობს დარაჯი. ქართველი ჯარის სარდლებმა მარჯვე შემთხვევა იხელთეს და ცხენოსანი რაზმებით მწყობრად დაიძრნენ იქეთკენ. ცოტახანს წყნარად ვიდოდნენ, მოკლედ იჭერდნენ აღვირთა მაგრამ, როდესაც სულთანის ბანაკში კაცი აყვირდა. წამოდექითო, მხედრებო, სპა დაგვესხაო ურიცხვი, – სოსლანმა ჯარებს მიჰმართა: – სამშობლო ქვეყნის გულისთვის ხმალი იშიშვლა, ლაშქარში გადაერია ქვაგული. ცეცხლს ჰყრიდა ბუნჯგალ-ბუნჯგალსა მისი ფოლადის ფრანგული. ცალკერძ მხარგრძელმა დასჭექა, ცალკერძ თორელმა დასძახა და გულმკერდგახურებულნი მტერს მიეხალნენ მხარდამხარ. წამოიშალა სულთანის ბანაკი ციებ-ცხელებით, შეირტყეს ისარ-კარპაჭი, შეათამაშეს ცხენები. შეუზახნეს და შეიბნენ, ომი სად თქმულა ასეთი: ილეწებოდა ფოლადი უჭედელი და ნაჭედი. დასცხეს ერთმანეთს ისრები და წაუშინეს წათები. – ჩაფხუტი ჩამოიწიე, თორემ უომრად წახდები! – გასძახა ახალციხელმა შალვამ თავის ძმა ივანეს, როცა სულთანის კაცები გაცოფებულნი მივარდნენ. მაგრამ ხმლის ორი ელვა – და დაეცნენ მოძალადენი, სისხლის მდინარემ წაიღო მათი დარ-მუზარადები. კალთამდე შემოაფხრიწეს შალვას ავაზას ტყავ-კაბა, როცა ძმის მისაშველებლად ცხენ-კაცთა ტევრი გაკაფა. ომი გაგრძელდა… გაძნელდა… ფოლადს სცვიოდა ტალები. ამოიხაფრა ჰაერი ნამსხვრევი შუბის ტარებით. მოითარეშა სიკვდილმა სიცოცხლის გასაგისები, ყოველი მხრისკენ აფრინა სისხლით დამთვრალი ისრები. აგერ შეიბნენ ორ-ორნი ურთერთს ახეთქეს ჰოროლი. ეგერ ვეფხვივით გაქანდა მხედარი შეურიგალი, მას ასათიძე გრიგოლი შემოხვდა როგორც გრიგალი, გულში გაურჭო მახვილი, „ვაჰმე დედაო“, იძახდა, ცეცხლწაკიდებულ გორაკზე დასტა იბრძოდა ყივჩაღთა. წამოიშალნენ ტალღებად მძვინვარე სისხლის ღვარები და გაიტაცეს ცხენდაცხენ ივანე ციხისჯვარელი. და რა ნახეს, რომ რაინდს გზა და კვალი გაუტიალდა, აღმართეს იქცევისები მათ თურქთა ჩაფხუტიანთა. ერთმა ახმახმა შორიდან ისრით გაუპო გმირს წარბი, მაგრამ მიუხტა ივანე გასაოცარი სისწრაფით და ისე დაჰკრა კეფაზე ხანჯალი გაუღუნველი, რომ ტვინი მისი ჰაერში ავარდა, როგორც ღრუბელი, და მერე, როცა მკლავმარდი წამოეშველა გაგელი, ერთად ეკვეთნენ უკეთურთ მამულის მოამაგენი. მუსრეს და მუსრი გაავლეს… მოკლულთა დაგა ჯებირი, მაინც ვერ გაძღა ბრძოლითა მარჯვენაწარბგაჩეხილი, ომი გაგრძელდა… გაძნელდა… ჭენებით განახელები, წინმბრძოლ სპასალარ-სპასპეტთა ყველას მოუკლეს ცხენები, დაიქვეითეს მაშინვე სხვა დანარჩენმა ვაჟებმა და სარდლებს გვერდში დაუდგნენ რიგების გასაკაჟებლად. – ცხენოსანებო, ისმინეთ, ეს მე გიბრძანებთ თვითეულს, მარცხენა მხრისკენ მობრუნდით, უტიეთ დაქვეითებულს! – ბრძანა სოსლანმა და ჯარი მოატრიალა მხარმარცხნივ, – – ქვეითნო, მარჯვნივ სასწრაფოდ, თორემ უომრად დავმარცხდით! – ხმა მიაწვდინა მხარგრძელმა არევ-დარეულ ქვეითთა, ჯარი ერთ ხაზზე გაეწყო და ომი ისევ შენივთდა, ისევ შეიქმნა მტრის თავზე ფხიანი ხმლების ჯახება, შეშინებულმა სულთანმა იკადრა უკან დახევა, ისევ მიმართეს სარდლებმა მრავალგზის ნაცად ჯევარდნებს და ნუქარდინის ლაშქარში ისე გულდაგულ შევარდნენ. გასკდა მტრის ჯარის სიმრავლე, მტვრის ბუქი დადგა სვეტებად გაუგონარი რამ იყო უკანასკნელი შეტევა! ბევრ ვაჟკაცს გადაეფარა წყვდიადი შავი სამარის, სირცხვილნაჭამმა სულთანმა მოკურცხლა თავის ამალით. უკან დაედვნენ ქართველნი კაფვით, ხანჯლების კისკასით: – მეორედ აღარ გაბედოთ შემოჭრა ქართლის ჭიშკარში! 7 გათავდა ომი თუ არა, ერთად შეგროვდნენ ჯარები მხრებზე შვენოდათ მშვილდები და შუბლზე ნახანჯლარები, მკვდრებით მოფენილ მინდორზე სიო არ ჰქროდა არსაით, მუზარადი და ჩაჩქანი ეყარა რიყის ქვასავით. ზოგან მოჩანდა მხედარი, ხმლით გაკვეთილი ორადა, ზოგან დაჭრილი კვნესოდა და სისხლის ღვარი ბოლავდა. როგორც ტყე შემოდგომისა ფოთლის ყვითელი ფოჩებით, იდგნენ ხელჩართულ ბრძოლაში ნაალაფარი დროშები. – მალემსრბოლიო! – მხარგრძელმა მხედრებმა მხარგრძელს შესძახეს და ერთი ჩვეულთაგანი გაქანდა ოძრახესაკენ. ჯარის წინ სახელოვანი სარდლობაც გამომზიანდა, გახსნეს შეკრული თვალ-წარბი, ფარებს დაეყრდნენ ზვიადად. წინ გადაშლოდათ საკუთარ მარჯვენით ნაპარტახევი, მზეზე ელავდნენ ლომკაცთა ფოლადის ჩაბალახები. უცებ სად იყო, სად არა… გაშეშდნენ გაკვირვებითა: არწივთა გუნდი აფრინდა არაქსის ნაპირებიდან. ჯერ გაჰკრეს, გაინავარდეს, მზის შუქში გაფერნაირდნენ, და მერე მსხვილი ჭანგებით მხრებზე დაასხდნენ რაინდებს. ამირანივით მოჩანდა მუზარადიან ტოლებში ძლიერად მბრძოლი მებრძოლი, ბატონ-პატრონი ლორესი. თამარის თანამეცხედრე, თვით მეფე გვირგვინოსანი, ზერდაგზე იჯდა ბეჭბრტყელი, შიმშეუვალი სოსლანი, და გაეშალა ლაჟვარდში ისე, ვით ლომის ფაფარი, გორგასლიანი ალამი – ვაჟკაცთა თავშესაფარი. ჯარი ძველ ლაშქრულს მღეროდა, ებანებოდა ტყე-ველი და საქართველო იდგა ვით, გოდოლი შეურყეველი.ლადო ასათიანი
პოეტიისე გავიდა ეს გაზაფხული..
ა. ვ.-ს ისე გავიდა ეს გაზაფხული... მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი, მე _ სიყვარულით ვარ დაზაფრული, კიდეც რომ მსურდეს, ვეღარ მიშველი. ისე გავიდა ეს გაზაფხული, მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი. რა დაგიშავე, მითხარი ბარემ, რად ამითრთოლე მგზნებარე გული, რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე ეს სიჭაბუკე და გაზაფხული. მე სიყვარული ამიტანს უცებ, დაგეძებ, დამდევს ფიქრთა კრებული, დავიარ თბილის-ქალაქის ქუჩებს და დავბრუნდები აცრემლებული. ვაი, სად გნახო, საით იქნები, ვიცი _ გარბიხარ და მემალები, შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები და ამღვრეული ჩემი თვალები. ჩემთვის ერთია, სადაც იქნები, ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ, შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ. შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით, გაიცქრიალებ და შებრუნდები, მე ვნებიანი და ნამთვრალევი გეტყვი: _ აროდეს არ შემძულდები! ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ, ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური, მე შენთვის მინდა ეს საოცრება, ეს სიჭაბუკე და სიყვარული. ნუ მათქმევინებ ამ გაზაფხულზე: _ ნეტავი, მიწა მეყაროს გულზე! ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში (პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი) ვიმღერებ მუდამ მე, შენი ეშხით და სიყვარულით განუკურნელი. დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს, გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული, მერე წავიდეთ, დავაგვირგვინოთ ეს სიჭაბუკე და სიყვარული.ლადო ასათიანი
პოეტიკაფე რიონის პირად
იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც, დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი; დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი. ისმის რიონის შრიალი შორი, ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი, ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი, ცისფერ მაგიდას შემოვუსხდებით. იფეთქებს ფიქრი, ვით ჩაის ბოლი, დაეძებს ლანდებს და ია-ვარდებს, შეუერთდება რიონის რონინს და ლაჟვარდებში გაინავარდებს. ცისფერ კაფეში ვოცნებობთ ორნი, ჩაის ვარდების ჩანს აკვარელი, ― სად არის შენი ნანატრი ტოლი? ― სად გყავს დედა ან საყვარელი? ― რა იქნა დიდი მომავლის ბავშვი, ხედავ, ბერდები და თან ყვითლდები! ცისფერ კაფეში და ცისფერ კვამლში ჩვენ ჩვენს ბედ-იღბალს დავაკვირდებით. და იმ წუთამდის, ვიდრე ზარების გაგვაღვიძებდეს ხმა საოცარი, ვრულავთ ბინდ-ბუნდში, როგორც მგზავრები შავით მოსილნი და შაოსანნი. ცისფერ კაფეში... ეს იყო ძველად... დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი, დღემდე მეც მახსოვს გულის დამწველად ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი. დღემდე მიტაცებს შრიალი შორი. ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი... ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი, ცისფერ მაგიდას შემოვუსხდებით…ლადო ასათიანი
პოეტილეჩხუმური შემოდგომის სურათები
რტოს მოაშორებს სიმწიფის ბედი, დაგორდება და ვაზებს ჩაუვლის, ― ბალღებში ყველას გაუსწრებს ერთი, რომ ხელში იგდოს თურაშაული. ხორბლის სურნელი ასდით კალოებს, მზეც ძველებურად არ იკბინება და უელვარებთ სავსე ტაროებს ნამით ნაფერი ოქროს კბილები. მთა მთას გასცქერის, მთა მთას გასძახის, სადღაც საყანედ ახოებს ჭრიან და გაბმულ ყეფას აგებებს ძაღლი ორღობეებში ურმების ჭრიალს. ბარაქის თვალი დაიარს სოფლებს, აღუღუნდება გიტარის სიმი... დაიხმარებენ ნაცნობ-მეზობლებს და მთელი ღამე არჩევენ სიმინდს. მოაქვს ცხენისწყალს გლეხკაცის სახლთან ნარიყალა და მორები ფიჭვის, ზამთრით ბუხარში გააჩენს ხანძარს, ოცნებასავით ნელ-ნელა იწვის. ესმით ვენახში ანთებულ ატმებს უზარმაზარი საწნახლის ქშენა, ააქაქანებს სახლის წინ ქათმებს და ხვამლის მთისკენ მიფრინავს ძერა. გათეთრებულა პატარა სხვენი, ობობა ქსელებს აბამს და ლამბავს, და სარეკელას მადლიან ენით წისქვილი ჰყვება მოსავლის ამბავს.მურმან ლებანიძე
პოეტითამუნია ქავთარაძეს
პირმოღუშული სახითა აქ მრავალს ჩაუვლია... შენ ამ ქალაქში რა გინდა, პატარა თამუნია?! ქალაქი - დიდი იმედის! ქალაქი - ტყუპი მექის! დადიან ბრძნული ხველებით ვეტერანები ჭლექის... მთაში ირემი აყვირდა ტირილი გაურია... შენ ამ ქალაქში რა გინდა, პატარა თამუნია?! სად უცხო ჭალაკი არი და სად ვიწროში ბღავის არაგვი - არაგვიანი, იქ უნდა კრეფდე ყვავილს!... პირმოღუშული სახითა აქ მრავალს ჩაუვლია... შენ ამ ქალაქში რა გინდა, პატარა თამუნია?! ანანურზეით სოფელი... წელში გაჩრილი წალდით ტყეს წავა მამა მშობელი - მუშტისტოლაა დარდით... მთაში ირემი აყვირდა ტირილი გაურია... შენ ამ ქალაქში რა გინდა, პატარა თამუნია?!მურმან ლებანიძე
პოეტივერაფერი გამიგია..
ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება; ყველაფერი წამიგია _ მეგობრები მაკლდება. ბრაუნინგით არ მომკვდარან, ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია, არც ფანჯრიდან გადმომხტარან _ მშვენიერად არიან. უფრო ხშირად ახლა შინ ვარ, წვიმას ვნატრობ შხაპუნას: შევსვათ! ყველა თავის წვრილმან საზრუნავში ჩაფლულა! ყველა თავის ნავში სხდება, ყველამ სადღაც გაცურა, ყველა კვდება, გული მწყდება _ წასულან და წასულან! და დღეები გადის ზანტად, ღამეები გროვდება, ვიღაც უსაშველო ლანდად მწუხრში მიახლოვდება... მინდა მთაზე ავირბინო, ზღვის მიქცევა ვიხილო, თავში ხელი წავიშინო _ რაც მომხვდება, ვიყვირო.მურმან ლებანიძე
პოეტილეგენდად დარჩეს!
გალაქტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად, ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა, და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ჯამთან - უხორცო იყო, ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა, გალაქტიონი შემოსულა დუქანში ამ დროს, მარტო დამჯდარა, მარტოსული, და უსვამს მარტოს; არ მიუხმია ის ტიციანს, არა და არა, და ასე უბრად, უხერხულად კარგა ხანს მსხდარან. უცებ… (მახლობლად პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი) გალაქტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი: პოეტი მეფე ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, - უკადრებია რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის… აჰფეთქებია აქ ტიციანს უეცრად დენთი, წამოვარდნილა ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი, დაუდგამს ჭიქა, შეუხსნია კისერზე ბანტი და უხეთქია რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი. და დარევიან პოეტები ერთპირად რეგვნებს და ჭახაჭუხი შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს; და როცა ჩვენი ლომკაცები ბრძოლით დამძღარან, დაუფრენიათ თხებივით და ომი დამცხრალა, – ტიტე, ძამიკო! – შეშლილივით აყვირებულა გალაქტიონი და ორთავე ატირებულა ორპირის ფშანზე გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული ამოსჯდომიათ, ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური; გადმოსცვენია შვების ცრემლი ტიციანს მისით, რაც ექნებოდათ სამდურავი იციან, ვიცით! დიდი ბავშვები! ამდგარან და და დამსხდარან ერთად და პოეზია უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად. პაოლოს გარდა ამ საქმეში ყოფილა გოგლა, ყოფილა სმა და გადარევა ყოფილა ოხრად. ეს ყველაფერი მე მიამბო “არაგვში” გალამ და, თუ ვუმატებ, ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ, არამი იყოს ის წარწერა: “სულით და გულით!” იქ, იმ სარდაფში მიღებული ღვინო და პური! გული გულს იცნობს, ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს… ლეგენდად დარჩეს, მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!მურმან ლებანიძე
პოეტილექსის მწერალი ხშირდება ..
"ლექსის მწერალი ხშირდება, სამწუხაროა რაიც! რამდენი რამე სჭირდება პოეტს, ჩვენს დროში მაინც!" - ეს კონსტანტინემ, იძრო რა შაბათს, მწერლების ბაღში, მგოსნებისაკენ ისროლა განხეთქილების ვაშლი. დიდოსტატები სწყალობდნენ ბაღს, და აქ ისხდნენ ხშირად, სუროში შაშვი გალობდა, რაღა თქმა უნდა, ფრთხილად. სთქვა ბესო ჟღენტმაც: "მრავლდება დღეს ლექსის მოწადინე, ცამდის მართალი ბრძანდება ბატონი კონსტანტინე". ცოდვილი ვაშლი გაგორდა და, უკვე წასწვდნენ რადგან, მათ დემნა მიუახლოვდა, ასე, ორ მეტრში დადგა. ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა ბაღის ბოლოში სიმონს, გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან, შემოუერთდა იმ ორს. მესმე რანგიც მოხროვდა, მეორე რანგის გარდა, და დიალოგზე მოგროვდა გამსახურდიას სკამთან. "ლექსის მწერალი ხშირდება, ლექსი კი არ ჩანს მაინც! რამდენი რამე სჭირდება ნამდვილ პოეტს და რაინდს!" - საკითხი განსახილველად და ვაშლი ცხვირწინ ედოთ, და სთქვა ირაკლიმ პირველმა, ეს გახლდათ მისი კრედო: "პოეტი წლობით ღვინდება, მართლა პოეტი თუა! პოეტს იღბალი სჭირდება და, რა თქმა უნდა, ჭკუა! სიმხნე და გამჭრიახობა, ფხიზლად განჭვრეტა დროთა! სიბრძნე და პატრიარქობა - ამას გვასწავლის შოთაც!" - არ დაეთანხმა ირაკლის და იუარა გოგლამ: "სად სიყრმე ყირაყირა ჰქრის, იქ სიბრძნემ ლექსი მოკლა! პოეტს ჯერ სიმხნე სჭირდება, მყვირალობა და ბუკი! ლექსს ვინ მისცაო დიდება გარეშე სიჭაბუკის!" სიმონმა გოგლას ღიმილი ჰკადრა და მოჰყვა სწრაფად: "პოეტს სჭირდება ტკივილი, პოეტს სჭირდება ჯაფა, სჭირდება ვრცელი გზაშარა, ბევრი წვა, ბევრი ფიქრი, ინტელექტი და განსწავლა, მწიგნობრობა და წიგნი!" სუროში შაშვმა დასტვინა, მზე შუბისტარზე იდგა, ვრცლად აღარავინ არ ცდილა, მოკლედ მრავალი ითქვა. თან კვერს უკრავდნენ ირაკლის, თან თაკილობდნენ თმობას - მუხრანმა: "გრძნობა სიახლის!" გრიგოლმა: "ფორმის გრძნობა!" ალიომ: "მხოლოდ იდეა!" (კოლაუ იდგა განზე...) კარლომ თქვა: "საქმე ჰკიდია წერასთან ერთად ფხაზე!" სთქვა მარგიანმა: "მარილი მთავარიაო სვანში!" სთქვა ნონეშვილმა: "ყვარელი და სტუდენტობის ტაში!" თავისთვის იჯდა ჩრდილში, არას იტყოდა ანა... - ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - გალაკტიონმა ბრძანა.მურმან ლებანიძე
პოეტიმახსოვს!
სოსო იორამაშვილის ხსოვნას ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო _ მახსოვს! შენი დათვისისხლა შავი ღვინო _ მახსოვს! შენგან მოძღვნილი არყის ბოცო _ მახსოვს! შენგან მოწვდილი ტახის ხორცი _ მახსოვს! იორ-მუღანლოში სადილობა _ მახსოვს! შენ რომ შემაყვარე ნადირობა _ მახსოვს! შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე _ მახსოვს! შენ არ ესროლე და მე რომ მასროლინე _ მახსოვს! მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე _ მახსოვს! შენ რომ დაიხარე და აიყვანე _ მახსოვს! ივრის ჭალები აქოჩრილი _ მახსოვს! ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი _ მახსოვს! მზისგან დამწვარი გორმახები _ მახსოვს! შენი თათარი ყონაღები _ მახსოვს! ბოლო ხანებში გვეღლებოდი _ მახსოვს! მახსოვს, ხელიდან გვეცლებოდი _ მახსოვს! `მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო~, _ მახსოვს! `ჰაუ, რანაირად თენდებაო!~ _ მახსოვს! ლექსებს მიკითხავდი კოცონთან _ მახსოვს! ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა _ მახსოვს! `გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი, რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი. გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი, ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი~...მურმან ლებანიძე
პოეტიოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი, ყოფილან ოპიზრები-გასაშტერებელი; ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი, რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი... ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა ნიკოფსით-დარუბანდამდე გაჭენებული და გამოჭენებული; რტოებგაშლილი და გამოჩინებული, ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული. ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები! თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები! ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია, რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად. მაგრამ უცაბედად მატლი არეულა, ბორბალი უკუღმა დატრიალებულა. ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი. მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი. ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ, სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ. ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა, იყალთო დაკეცილა, გელათი დანგრეულა. ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია, ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია, -რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!- ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი... ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“ ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!მურმან ლებანიძე
პოეტიმეშინია!
ეს სოფლები: ეს ლიქოკი, ეს არხოტი, ცარიელა ეს პარტახი საიგავო, მეშინია, ეს სამოთხე, ეს წალკოტი სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს! შქმერს სათიბზე არ დავობენ მეზობლები, ძაღლი არ ჰყეფს, ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს! ვაითუ ვინმეს მოეწონოს ეს სოფლები, ვაითუ ვინმე მოვიდეს და დაესახლოს! ეს სხიერი, ეს ლიქოკი, ეს არხოტი არ ჩააქრო, არ ჩააქრო! _ გაფიცებდი. არ წააგო, არ წააგო ეს წალკოტი! _ დამიხსომე, ასი წლის წინ გეძახოდი, დამიხსომე, განჯღრევდი და გაღვიძებდი!მურმან ლებანიძე
პოეტიმშვიდობით, ცოლო ..
“მშვიდობით, ცოლო! მშვიდობით, შვილო! მშვიდობით, სახლო! მშვიდობით, კარო! მშვიდობით, ლხინო! მშვიდობით, ღვინო! მშვიდობით, პურო! მშვიდობით, წყალო..!” ამას ამბობდა, ვინც მოკვდა დღემდე, _ ტახტზე წახდა თუ ომში კვდებოდა, _ ამას იტყოდა, ვინც ვერ თქვა, მენდე, როგორც “ანს” და “ბანს”, რომ შესძლებოდა. თებერვალია და წყალი _ ხეში!.. მაგრამ მოხდება, რაც სხვისთვის მოხდა, და ცელით ხელში, უსიერ ტყეში გაჩნდება იგი პოეტის ქოხთან... “მშვიდობით, ცოლო! მშვიდობით, შვილო! მშვიდობით, ლხინო! მშვიდობით, ღვინო! მშვიდობით, პურო! მშვიდობით, წყალო! მაგრამ სდექ, ძველო ჭალის წისქვილო! სდექ-მეთქი, სანამ არ არის გვიან! ვაი, სირცხვილო! ვაი, სირცხვილო! რაც გინდა თქვი და, პოეტი ჰქვია! რას დაუმატებს ათასჯერ ნათქვამს?! რას, რას გვიბარებს, ან ვისთვის კვდება?! რას დაუმატებს სიცოცხლეს _ რადგან პოეტის ბედი სიკვდილით წყდება!.. და წამოიწევს პოეტი მაშინ დ ყურს ცქვეტს მაშინ ღვია და დეკა და შეჩერდება მზე წუთით ცაში და მაღლა ცაში ატყდება რეკა... “მშვიდობით, ნისლო! მშვიდობით, ჯანღო! მშვიდობით, ძმებო! მშვიდობით, მტრებო! მშვიდობით, ჩემო მამაცო ხალხო! მშვიდობით, ჩემო ქორბუდა მთებო! მისახვედრებო, სულ მარტივებო _ თქვენც, თქვენც მშვიდობით, ჩემო საწყლებო. თქვენ, აწ და მარად ტურფა ქვრივებო _ დაქვრივებულო ჩემო ზრახვებო.მურმან ლებანიძე
პოეტიპროფესორ გიორგი ნაცვლიშვილს და მის მოწაფეებს
გილიოტინით ორთავ ხელი, მაჯაში წაჭრილი, ბასტურმასავით ჩაწყობილი ემალის ქვაბში, შემოაქვთ ცალკე, მოაგორეს ცალკე ყმაწვილი - ცხრამეტი წლისა, უწვერული, სრულიად ბავშვი. საჭირო არის წაკერება მაჯაზე მტევნის, გადარჩენა როგორმე ბალღის, მაშასადამე გამოჩხრეკა ყოველი ნერვის, ზუსტად მორგება შესატყვისი ყოველი ძარღვის. და ჰა, ქართველი დასტაქრების გამოდის გუნდი, გადასაჭრელად უბედური ყმაწვილის ბედის - ხუთი მამაცი, ხუთი გმირი, ვაჟკაცი ხუთი ხელებს იბანს და ნირშეცვლილი ყმაწვილთან შედის... არის თუ არა ეს, საერთოდ, მასალა ლექსის?! ვფიქრობ ჩემთვის და აბუზული ტალანში ვდგავარ; ხმა გამოისმის პალატიდან გმინვის და კვნესის, მეც გასაჭრელი ამ ხალხს, ვიცი ხვალ თუ ზეგ ვყავარ. წუთი წუთს მისდევს, ხუთნი ბეწვის გადიან ხიდზე და თორმეტ საათს დასტაქრების ომი გრძელდება, ოპერაცია, დაწყებული საღამოს შვიდზე, დამთავრებულა __ დილის შვიდზე კიდეც თენდება... სისრულეშია მოყვანილი მაჯებზე მტევნის წაკერება და შებრუნება ბედ-იღბლის ჩარხის, დიდი სიფრტხილით გამოჩხრეკა ყოველი ნერვის, ზუსტად მორგება შესატყვისი ყოველი ძარღვის. ხოლო დასტაქრებს, - თუ გარდახდა საბრალო ყმაწვილს, არანაკლები მათ გადახდათ საკუთარ წილად, - ვხედავ: დამსხდარან და, შემდგომად უმძიმეს ღვაწლის, ქანცგაწყვეტილთ და ტანგაუხდელთ სკამებზე სძინავთ... სძინავთ ვალმოხდილთ, სძინავთ მაშვრალთ, თენდება გარეთ, - ჩემი სალამი და მადლობაც მათ ჩემდა წილად - ვარ, ვცოცხლობ, დავალ გარდუხდელი მათდამი ვალით, - კი, არაერთხელ მეც ვგდებულვარ სიკვდილის პირად... კურთხეულ იყოს, განწირულის ვინც ცოცხლობს შველით, თავს დასდგომია ვინც ჭირშიმყოფს ბნელში სანათით! იდიდოს ღვაწლი, გაწეული დასტაქრის ხელით, დასტაქრის დანით და დასტაქრის თეთრი ხალათით!მურმან ლებანიძე
პოეტიოთარ ჭელიძეს
გაზაფხულზე ყაყაჩო _ ყვავილია, თიბათვეში, გასთიბავენ და _ თივა. ყვავილობა, იცოდე, ჩავლილია _ ოთარ, გული მტკივა. გული მტკივა, მომაშველე რამე, შემახსენე საზიარო სიყრმე, მომატყუე, რომ შორსაა ღამე, ხალისიან საღებავებს მიხმე. შენც გჭირდება, ძმაო, ჩემი ხელი, მეც მჭირდება, მომიფინო წყლული. ისევ შენ და ისევ შენი ცხელი, მტკივანი და უღალატო გული! მე ვიგონებ ფიროსმანის ქუჩას, პირველ ლექსს და ცაში პირველ ფრენას მზეგარეულ დღეებს ერთიმუჭას და ცალთვალა შენს პაწია სენაკს. გავლილია წუთისოფლის ბინდი, ავლილია მოქანავე კიბე _ გიხაროდეს, ოქროს ზვირთში ცხონდი, აღმართ-აღმართ მწიფე ლექსი ჰკრიფე! დაღმართ-დაღმართ ვეშურებით ახლა, ძირს მოვყვებით მზის ჩასვლისას ქუჩებს, და ერთ-ერთი, ვიცი, ასწევს მაღლა ყვავილებით დამძიმებულ ჭურჭელს. ჯერ კი მაინც მზე დაგვღუის ციდან, დაბადებით პირდაპირს და ჯიუტს თავდაღმართშიც გაგაგონო მინდა: “ტია-ტია, ტიუ-ტიუ-ტიუ”. დაგეკარგო უნდა ორი კვირით, მოგიტანო მოძებნილი ხმები, მომაგებო საკოცნელი პირი, მოგიშვირო ჭლექიანი ყბები... შეცდომაზე გვისწავლია, ოთარ, უშეცდომოდ არ გვივლია გზები, კი გვწყენია ერთმანეთის ცოტა _ გავწმენდილვართ ძმები... გაზაფხულზე ყაყაჩო _ ყვავილია, თიბათვეში, გასთიბავენ _ თივა. ყვავილობა, იცოდე, ჩავლილია _ ოთარ, გული მტკივა.მურმან ლებანიძე
პოეტისარეველა
ელეგანტურად, ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის, ირგვლივ სინათლეს, სიხალისეს, სიხარულს ნერგავს, _ შეხე მკაცრს, ძვირფას შეხამებას წითლის და შავის, ცოდვა არ არის, სარეველა ყაყაჩოს ერქვას?! კაცს _ კი, ბატონო! კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად! კაცს შენისთანას _ ჯიშით, ჯურით ყიამყრალს შენგვარს! ჩამოთესლებულს ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად, წისქვილი ვისიც ბოროტების მარცვლეულს ღერღავს! შენი სახელის ხსენებაზე ყორანი ჩხავის, _ რიყეში ვარ და გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას... შეხე, რაგვარად, რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის _ ცოდვაა სწორედ _ სარეველა ყაყაჩოს ერქვას!მურმან ლებანიძე
პოეტიძველი ქართული ანდაზა..
ძველი ქართული ანდაზა იტყვის: `სოფელი დიდია!~ რამ გაადიდა, ანდა სად? სოფელს ბოქლომი ჰკიდია!] რაჭა-ლეჩხუმი მშობელი გაცლილა, გათხელებულა, ტყეს გადუვლია სოფელი, სოფელი _ გატყევებულა. ვზივარ ჭვარტლიან ბუხართან, ცრის ნოემბერი მტირალა. გამახსენდება წვიმაში ბაბუაჩემი ფირანა. სიტყვა იცოდა ჯიბრით, იტყოდა მხოლოდ მთავარზე: `აქიდანა და ჭიბრევს თხა გევიდოდა ყავარზე!..~ სარკმელში _ მთათა გრეხილი, ყავარზე წვიმა არ ცხრება, შებერებულა ხეხილი, მოლურჯო პური არ ცხვება, კახაბლებს აღარ ამყნობენ, აღარ თესენ და არ ხნავენ, ქორწილზე არას ამბობენ, მარხვით ჯერ კიდევ მარხავენ... მე უნდა გავხდე გოროზი, არ წავიქცე და არ წავხდე _ ლებანიქედის ბოლოში გიჟივით მარტო დავსახლდე!მუხრან მაჭავარიანი
პოეტიდუმილი რეკავს
დუმილი რეკავს, დუმილი რეკავს ჯვრით, ალავერდით, გელათით, ტბეთით... ხმა თუა ნეტავ, ხმა თუა ნეტავ, _ ამ უხმო ხმაზე რომაა მეტი! დუმილი რეკავს, დუმილი რეკავს დუმილი რეკავს თვით პეტრიწონით... მკვდარიც კი თუა ქართველი ნეტავ, _ ეს რეკვა მისთვის როა ლიტონი! დუმილი რეკავს, დუმილი რეკავს ზარზმით, ოპიზით, ოშკით, ხახულით… ხან ფერად შვინდი, ხან ფერად ლეგა, _ რეკავს სამრეკლო _ ხმადაკარგული. დუმილი რეკავს...მუხრან მაჭავარიანი
პოეტიანდუყაფარო ..
ანდუყაფარო, ლიპარიტო, - დარნო მთათანო, ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო, ბიჭო სესეო, თოთიკაანთ ქალო მელანო, ვაჟას არწივო, შოთას ვეფხვო, ტატოს მერანო; ბზიფო, ენგურო, ალაზანო, მტკვარო, იორო, აგერ, ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო; ქინძმარაულო, ტიბაანო, - ღვინოვ კახურო; გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო, დიდო კოლხეთო, დიდო ქართლო, დიდო შამქორო, - ვერ დამადუმონ, ვერ დამძალონ - თუნდა ჩამქოლონ...… ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს - ფრთები მასხია თქვენგნით... მხოლოდ თქვენგნით რამეთუ.მუხრან მაჭავარიანი
პოეტინუ გაიკვირვებ!
ულხინს თუ უმძიმს, _ სულ ერთია! _ ყველა რწმუნდება! _ ძალმომრეობის დათვლილია უკვე წუთები! _ და, _ ვინც მიგანა, _ ისევ ჩემთან მოძუნძულდება! და ისევ: არვინ ეყოლება მას ჩემი ფასი! და ისევ: შესვამს სადღეგრძელოს ის ჩემსას თასით!.. კი, მარა! _ ბნელა?! _ მეც კაცი და ეს კაციც _ კაცი?! მე ვინც დამწიხლა! _ მე ვინც მირქინა! _ სულზე ქართულზე, _ დღეს ვინც ქირქილებს!.. ნუ გაიკვირვებ! _ ხვალ ჩემთან ძმობა მოიწადინოს კაცმა იგივემ! ჩემი ეპიტაფია, _ წასაწერი საფლავის ქვის ორივე მხარეზე (ქვედაზეც, ზედაზეც), _ მკვდარმაც რომ წაიკითხოს და ცოცხალმაც შენი არ იყოს, _ ჩემო ირაკლი! _ ვერ ვიდევგმირე! _ ვერ ვიწინაპრე! _ ჭირმა ჩემმა და ჩემმა სილაღემ! _ მამულმა შენებრ შემიწირა მე.მუხრან მაჭავარიანი
პოეტიპუშკინი თბილისში
პუშკინი ტფილისის ქუჩებმა გაიტაცეს. ბაღში ქეიფია. თავადი თამადობს. მძვინვარებს ქეიფი აზიურ ყაიდაზე. – ალექსანდრ პუშკინი! იცნობდეთ, თავადო! …პუშკინს არ უნახავს ამდენი სიცილები, თუმც ბევრი უმასხრია, ნახვაზეც უზრუნია უკვირს – რაც უნდა თქვას – ღიმილით იცილებენ, ვერ მიხვდა: ღიმილი – ქართველის რუსულია. …აქ ქალი ისეთი რონინებს რამდენი, როგორზეც მან ერთგან დასწერა: „я кинжалом хорошо владею я близ кавказа рождена…“ …დამდგარან ვირები ყურების დაშვებით. კიტრებით სავსენი ჰკიდიათ გოდრები. რუსისგან საქულას მოგება დარჩება. ვინ იცის, გადარჩეს საქო გაკოტრებას. …პუშკინმა დანახარჯი ღიმილით მიუთვალა, საქომაც გაუღიმა პუშკინს ნაცვლად ხურდის. – რამ გაგათახსირა, საქო ავლაბრელო! – რა ჰქონდა პუშკინს შენი გასაქურდი! …თავადმა ცხენიდან ქალს თვალი მოლანდა. ჩამოხტა. ხეს მიაბა ცხენი. მას კოცნა სწყუროდა და მანდილოსანმაც წყალივით მიაწოდა ხელი. …პუშკინი ტფილისის ქუჩებმა გაიტაცეს. ბაღში ქეიფია. თავადი თამადობს. მძვინვარებს ქეიფი აზიურ ყაიდაზე. – ალექსანდრ პუშკინი! იცნობდეთ, თავადო!მუხრან მაჭავარიანი
პოეტიტყე-ტყე მიდის ..
ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის… ინდი მინდი ფერად შინდი… იმღერს ლექსთა საბრალოთა… მიდის… მიდის… ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის… ინდი მინდი ფერად შინდი… სჭკნება ტურფა საბაღნარო… სწყდება ზეცას მეტეორი… – მოშაირე არა ჰქვია, თუ სადმე თქვას ერთი ორი! ერთი… ორი… და იცვლება საუკუნე საუკუნით… მაინც მღერის, მაინც სტირის, ვით სტიროდა გული… ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის… ინდი მინდი ფერად შინდი… იმღერს ლექსთა საბრალოთა… მიდის… მიდის… ღმერთო ერთო! – ღმერთო ერთო! – თრთის სხეული… თრთის ბაგენი… რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი – ისმენდიან, – გაჰკვირდიან, რა ატირდის, – ატირდიან… – რა პატარა ქვეყნიდანა… რა დიდია!… ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის… ინდი მინდი ფერად შინდი… მიდის… მიდის… წვება ბინდი… ვარსკვლავები… კვლავ დილა!… – ავთანდილი?! – რუსთაველია! რამ გაავთანდილა!… ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის… ინდი მინდი ფერად შინდი…მუხრან მაჭავარიანი
პოეტიტა,ტა,ტა,ტა!..
ტა, ტა, ტა, ტა! რანაირად ბრდღვინავს არაგვი! ხო, ხო, ხო, ხო! - ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა! არა! სხვისი მისაბაძი რა მჭირს, - თვარა, - კი!.. სხვა როცა მე შემომნატრის, მე მივბაძო სხვას?! მე - პატრონმა, მე - პატრონმა ამისთანა ზღვის, მე - პატრონმა, მე - პატრონმა ამისთანა ცის, - თუ ღმერთი გწამს, თუ კაცი ხარ - სხვას მივბაძო?! - ვის?! რა გინდა რომ აქ არ იყოს, - ენა იტყვის რას! სიტყვა გინდა?! - მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა. მე შენ გეტყვი - არ გეყოფა სიტყვის მარაგი... არა! სხვისი მისაბაძი რა მჭირს, - თვარა, - კი!შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: დასაწყისი
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა, ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა. ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა, - მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, - მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა? მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული, ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული. მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული, ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა, ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა, ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა. გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა. აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, - ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება; მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება, მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება. მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი; მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი! დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი, აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი. მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი: ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი; დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი, ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები, ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები. თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა; აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა! მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმა არს, მისცეს სულთა ლხენა. სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა. რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს: მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს; კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს, არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი, კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი; გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, მართ აგრევე მელექსესა - ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა, რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა, რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა, არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა, ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა. მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი; თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი; განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი, მაგრა იტყვის: “ჩემი სჯობსო”, უცილობლობს ვითა ჯორი. მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა, არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა, - ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა: დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა. მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად, სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად; ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად. მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად. ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს, ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს, ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს. ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია; ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია! იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია; მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია. ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა; იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან; ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან; მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა, მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა; ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა, კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრფენითა. მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა, სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა, ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა. ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი, ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი! ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში, რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში, გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში; მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა; ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა. კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა. არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა, თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა, შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა, დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა. ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს, არ ბედითად “ჰაის” ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს, არსით უჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს, მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს? ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს. რათამცაღა ასახელა, რა სიტყვითა მოაყივნოს? რა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს! მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა: ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის წყლულსა?! თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?! ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების; სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების; იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების, არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა ეახლების.შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი. მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი. სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული, სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული; მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული, ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული. მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია! რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია. მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია, გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია. უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა: რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა; მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა. “მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?! ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”. ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა? ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა: მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა. მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?! “მაგას ნუ ჰბრაძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია, თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია; ხამს განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია: სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია. “თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია; შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია. ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა, საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა, ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა; მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად; ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად. საბრალოა, სიყვარული კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად! რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა, ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მას აქ ალისა; თქვა: “ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!” არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: “თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან; მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან. მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!” მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა: ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა, ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა; მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: “უთქმელია ფასისა!” თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა, დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა, მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა. ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა. უკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა, დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა, ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა. ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა, ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა; მეფე სწვრთის: “მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა, ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”. უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი, აქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი. ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი! “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების! უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების. უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების. “მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია; უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია; სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?! რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!” ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა; მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა; თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა. მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”. მოართვეს. გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა, რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. მერმე ბრძანა: “ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა, ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავს საჭურჭლესა დადებულსა”. უბრძანა: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია! ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!” მოიღეს. გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია. ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა; რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა, არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა. დღე ერთ გარდახდა; პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა, ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა; მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. “ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?”, შექმნეს ამისი ცილობა. თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია; ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია. თქვეს, თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?” თქვეს, თუ: “მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა, თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა”. ავთანდილ თქვა: “სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა? ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?” ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა. ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა: “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო. მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო, ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო; ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?” რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა, გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?! “კარგა ჰქმენო, - დაუმადლა, წყალობანი უიმედნა, - ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა! “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია. “ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა; ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, - ვარ საწუთროსა თმობითა, - ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?” კვლა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?” ყმამან ჰკადრა: “მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო, არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამათზეო”. უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა. “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!” - “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა. ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!” ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!” კვლა ბრძანა: “მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად, თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად, - ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, - ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად”. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”. გაყარეს სმა და ნადიმი. მუნ ამოდ გავიხარენით.შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი, პირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს; მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს, ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს. უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!” დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწთომელი: ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი. მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი! ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს. მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს, რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს. მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს. ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”. იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია. ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია. იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია. ერთმანერთსა, თუ: “მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს, ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს. მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს, უბრძანა: “თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს”. მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით; მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით, აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, - ვერად ვერ მოგეხმარებით, - ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით. “ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია: არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია, თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია”. მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა, უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა, აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა, სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა. ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა. ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა. თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა, შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა, ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა. ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა. მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა, ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა, ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა; ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად, თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად, - მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, - ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა, დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა; მოახსენა: “გიბრძანებსო”, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა. იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა. მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი, მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი, უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი, ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი. სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან! ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან. არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან, არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა, როსტანს ჰკადრა: “შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა; თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა, ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და”. მეფე გაკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე; გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე, უბრძანა: “ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე, მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე”. მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია; მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ-მდუღარია, თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია, ერთხელ ესე თქვა: “ვა მეო!”, სხვად არას მოუბარია. თვალთა ხელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა, ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა, ცხენსა შეჯდა, - მონათამცა საუბარნი რად იყურნა! - სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა. მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად. მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად: ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აღუპყრობელად, ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად. მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა; მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა, რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა, კაცი კაცსა შემოსტყორცა, როსტან ამად ივაგლახნა. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად. იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად, ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად, შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად. რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა. მასვე წამსა დაიკარგა, - არ უნახავს თვალსა ჩვენსა, - ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა; ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა. კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა, აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა; ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა. მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”. ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება, ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება, სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება. მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება”. ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა, არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა; ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა; ზოგთა თქვეს, თუ: “მართალია”, ზოგი: “ღმერთო!”, უზრახვიდა. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი; მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი. ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი. გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი. თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა, ადგა და კარსა მივიდა, - ჰქონდა მზისაცა ცილობა, - მოლარე იხმო, უბრძანა: “ძილია, თუ ღვიძილობა?” მან მოახსენა: “დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა. “ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა; უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით ა”. თინათინ ბრძანა: “აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით ა, მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთისა წამითა”. ხანი გამოხდა, იკითხა: “ნეტარ, რასა იქმს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?” მოლარე ჰკადრებს: “მოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო, დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო”. უბრძანა, თუ: “წადი, უხმე! უმისობა ვით გავძლეო? მოახსენე: «რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო? მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო, გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო»”. თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა, უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა. მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა, უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?” ქალმან ჰკადრა: “ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს, ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს! თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს! კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”. უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია, შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია, მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია. ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია. “უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე, მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე. რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე; ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე. “მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა. შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა, ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა, ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა. “აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული! მან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული. კაცად ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?! უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული. “ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს, დამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს. ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს, სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!” ქალმან ჰკადრა: “მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა? რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა? “მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი, შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი. გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი, ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”. მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა, უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა? მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა, მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”. კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია, მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია, ვერ ნახეს მისი მნახავი ღმრთისაგან დანაბადია, ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია. მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით, მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით, მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით, ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით”. მეფე ბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო, ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო, ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო. გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა. მგოსანი და მოშაითი უხმეს, პოვეს რაცა სადა. დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა. მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი, იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი. შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი, მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”. ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა, ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა; უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა. ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა! ავთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან ჰრცხვენოდა, მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა; იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა, მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა. გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი, ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი, მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა, ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა. მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა. პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა. ქალმა უბრძანა: “ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა; მწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა, მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა, რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?” ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების? მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების; აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების, თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების”. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად; იტყვის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად, გიკვირს, მოგხვდა წამის ყოფით საქმე შენგან საეჭვი რად, მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად. “გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა, ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა? მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა, შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა. “აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია, მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია, ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია, შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია. “ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად: პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად, მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად; წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად. “შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე, რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე. გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე, მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე. “სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი; ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი; ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი; კოკობი და დაუფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი. “ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი, მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი, სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი, შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი”. მოახსენა ყმამან: “მზეო, ვინ გიშერი აწამწამე, სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე? მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე, ვითა მონა, სამსახურად გაღანამცა წავე, წა, მე!” კვლაცა ჰკადრა: “აჰა, მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა, მით გმორჩილობს, ზეციერი მნათობია რაცა სადა; მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა. ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად ა”. კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი, გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი. გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი, თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი. ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს, ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს; ყმა ეტყვის, თუ: “შენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა, სად აგეს! ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს”. ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა, უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა, ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა, გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა. თქვა: “მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე, ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესად-რე. მაშინ რაღა ვქმნა, ვერ-ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესად-რე! ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე”. საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების, ვითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების; რა მიჰლულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების, შეკრთის, დიდნი დაიზახნის, მით პატიჟი ეოცების. მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ, ცრემლსა ვითა მარგალიტსა ჰყრის ვარდისა დასანაზოდ. რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ, ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია, შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია: ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია, აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან, რაცა გარემონია. “მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო, მორჩილ-ქმნილი გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო, ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო”. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა, ებრძანა: “ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა, აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა. წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!” ყმა შევიდა, თაყვანის-სცა, მადლი რამე მოახსენა: “ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა?! აწ ნუთუმცა კვლა ნახვითა ღმერთმან ბნელი გამითენა, პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!”. მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი. სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი! ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი; როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი. ოც დღე იარა, ღამეცა დღეზედა წაჰრთო მრავალი. იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი, არ მისცილდება თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი. რა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა. მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა. იგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა. მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა, გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა. ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა, გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა. ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული, თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული. მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული, აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული. უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან, ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან, მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან! მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან. “მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა, ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა, ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა, აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა. “მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა, მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა, ქმარი არ მინდა უშენოდ, მომხვდეს ხისაცა რგულისა!» მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა. “პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად, - ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, - მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად. ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად. “ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა, ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა: ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა, ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა. “ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი; დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი, წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი, აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი! “ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე, აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე, მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე, არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე. “მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია, აცნობე ჩემი სიკვდილი, - იყავ მართ ვითა მთრვალია, - მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია. გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია. “მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედ-რე, ნუთუ ადრე დამივიწყო? მახსენებდე ზედა-ზედ-რე! მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე”. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა, თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოყარა, მოახსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა! ვიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა. «ჩემად ნაცვლად დაგაგდებო», - ესე სიტყვა ვით მიბრძანე? რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე? შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე!” ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად. მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად, კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად. “ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა, უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა? სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა, კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა. “ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი; აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი; წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
დაწერა, თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო, თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოყრილნო! “მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა: თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა, ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა, პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა. “საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი, დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი, გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი, მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი. მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს, სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს, შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს. თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი. ამას ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა ავთანდილი, ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი”. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა, წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა, ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა; მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა. ბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა”. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა, მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ ა. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა? ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა, მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს, იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს, მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს, ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს. “ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისცა დანერგვიდეს!” დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს; ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს, მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები, უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები. რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები, თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა? განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!” იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა.შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს. ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა, დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა, მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა; თქვა: “თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა”. ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა; მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა; თქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა, მოვჰშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!” ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა, გულსა უთხრის, თუ: “დათმეო”, ამად არ დია ბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა. მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად. უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. თქვის: “საყვარელო, მოგშორდი, გული შენ დაგრჩა, ვთქვა ვისად? შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ იარა, მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა. ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა. მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა, იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა, დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა. მას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა, გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა. მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა, ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა. ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს; თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს; “ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს! - კვლა ამისთვის გულ-მოშიშობს, - ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად, თქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?” “თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შეჰრჩეს ღაწვისა ბანანი, მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი! “უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული, მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული, მერმე მივიდე ცოცხალი, სადმე სხვაგან მე რებული!” ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული. იტყვის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ? მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ, გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ? დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს დავიყუდენ”. კვლაცა იტყვის: “დათმობა სჯობს” და თავსავე ეუბნების: “დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების”. თავს უთხრა: “მოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა; მიხვალ, დაგვხვდების თინათინ, - ანათებს დღესა მზიანსა, - გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?” იგონებს წამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა შაბნარ-წყლიანსა. “ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან; უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან. აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?” მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია, მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია. გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია, ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია. მობრუნება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა; თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა, მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა. თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით ა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა, შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს; ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მივიდოდეს; თქვა, თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს! აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს”. ხელთა ჰქონდა მშვილდ-ისარი, მათკენ მივა მხიარული. ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული, თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული, ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული. უყივლა, თუ: “ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!” მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ, ვერა გვარგო, მოგვიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ, სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ”. ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა; მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა: “ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა. “კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით, გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით, სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით, ვხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით. “ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით, მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით: «მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო», სიტყვანი გავაქილენით, ვერ გავიჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით. “დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვთქვით: «გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა, თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა». “ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია, მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია. “ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია, ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, - მერანი რამე შავია, - თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია, ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია. “ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით, ვთქვით, თუ: «მზეაო ქვეყანად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!» მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით, ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით. “მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით; ჩემმან შემდეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით; ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, ვუალეთ ჩვენებით, მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით. “ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა, იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა: არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა, მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა! “უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით; ხელი მოჰკიდა, «დადეგო!», ესეცა ჰკადრა კიდ ენით; მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით, თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით. “მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა, ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა, მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა, თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა! “აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად, აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად”. შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად, ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად. აჰა, მიჰხდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა, რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა. კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა, მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა. უთხრა, თუ: “ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა, აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა, ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა! “ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!” უჩვენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა, ჩრდილსა გარდასვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა”. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა, ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა. დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა. მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: “საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს. “რათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად, მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად, ანუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ, დაიმალვის მეტის-მეტად”. ავთანდილ იტყვის: “ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი? რაცაღა არის, არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა, მივიდეს, რაზომმც მოვლოდეს ზღუდენი, მუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი”. წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი. არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი. მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი. დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი, ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი. მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი კლდენია; ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია, მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა, ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა. ყმამან უთხრა: “დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს: ვეღარ მივჰხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს”. ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსწვიმდეს. ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა, ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა; იზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა. ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა. სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა, ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა, მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა; შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა. ავთანდილს უკვირს: “ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!” გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა, შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა, შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასრე ჯდა. ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა; ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა. ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, “ნუთუ მზეაო, - თქვა, - ცისა?” ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა; ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა, თქვა, თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა. “აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო, ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო”.შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული, ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დახვდა კარ-განხმული. მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული, ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული. ვერ იცნა, - სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, - ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა; ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა; ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა, ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა. ეტყოდა: “სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი, უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი, მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი? სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი”. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა: “თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა! აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა; ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა”. კვლა ეტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა? მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა. შენ ერთხელ მეტყვი, «მითხარო», მე ასჯერ გეტყვი «ვერასა», ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა”. “ქალო, არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან; ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან; შენ მიპოვნიხარ, - სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან, - ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!” ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო? მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო! გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო: ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!” კვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა, მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა, პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა, ადგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა. ეგრე უთხრა: “მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?! რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო?! გიჯობს, მითხრა; ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო, თვარა, ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!” ქალმან უთხრა: “ეგე ღონე მოიგონე მატად ავი: თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი. რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი? კვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედან თავი”. კვლა ეტყვის: “ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო? ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო! მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო, ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო. “ჩემი სიკვდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია, მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია; ჩალად მიჩნს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია. ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?” ყმამან თქვა, თუ: “არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა, სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა”. გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაუწყო ცრემლთა ფრქვევა, ქალსა უთხრა: “გაგარისხე, აწ, არ ვიცი, ვით დავრჩე, ვა!” ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია; ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია; ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია. კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა, მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა; ყმამან ცნა, თუ: “გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა”. ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა. უთხრა: “ვიცი, აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად, გაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად; აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად, ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად. “თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე, მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე; სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე; სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!” რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება, გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება, კვლა გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება. ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება. იტყვის, თუ: “ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების, ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების”. კვლა უთხრა: “დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების; ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების. “ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად; ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად; ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი, სად! გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად. “მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე, მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე. ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე, ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი: “ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი. წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი, აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი. “მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე, არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე, არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე; შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე! “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გა-ცა-სწბილდები” ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა. “ეგრე უთხრა: «ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე, წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე»; მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე, შემოჰყივლა: «არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?» “აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა; რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა, თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!” ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი. “იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების; თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიჯერების; მოილოდინე, მოვიდეს, რაზომმცა დაგეყოვნების, დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების. “გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა. “ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა, ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა, აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა. “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო; ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო, თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება. ამას ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება; მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება, უკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება. ქალმან უთხრა: “ყმაო, მოგცა ჟამად ღმერთმან, რაცა გინა, მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ ა; ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”. ავთანდილ ქალმან დამალა ქვაბს დამალვითა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა; ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა, ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან; დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები. მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები, სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები. მან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა, ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა; მიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა, ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა. ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი; შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი, იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი. ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი. “რად დაჰბრუნდი? - მოახსენა, - მითხარ, რაცა წაგეკიდა!” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და. “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე, არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე, მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე, ვთქვი: «ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე»”. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-ბევრად; მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად; მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად? “ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია, ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია? გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია; შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?” უბრძანა: “დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა? ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა. “ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”. ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია; რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია”. ყმამან უთხრა: “რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”. ქალმან კვლა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა, ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა”. ყმამან უთხრა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას ვუზამ უგემურსა, არაოდეს გავამწარებ; რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”.შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად; “არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად, ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად; იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად. გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად, რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად, ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად! მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს, ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს, ყელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს, ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს. მობრუნდეს. ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა, ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა. ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა: “თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა”. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული; ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული, ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, სადაური, სით მოსრული? მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული”. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია: “ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია, მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია. “მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია; თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია. თუცა არ მიცნობ, გინახავ, თავი ვით გიაზრებია, გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია? “შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით, პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით, გიხმეთ, არ მოხველ, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით, შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა მიდენით. “ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ. მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ, ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ, ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ. “ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია. მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია, ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია; აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია. “მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა, მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა». სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა. არ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?! “აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა; ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა; მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა; მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ, ა”. ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი, იტყვის: “მახსოვს ეგე საქმე, თუმცა არის ადრინდელი; ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი; მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი. “რას მაქმნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით? თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით. რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით, აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით. “მოვიხედე, მომეწია, რა პატრონი შენი, ვნახე, ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე, თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე. ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს, სხვასამცა რას დავასახე! “კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება, მას გავექცევი, ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება; მათ ქურდთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება, ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება. “აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა! ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა, გარჯილხარ, მაგრა არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა: ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!” ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა? მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა! სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა, რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა. “ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა; დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა; იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა, შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!” ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების; მიკვირს, თუ: ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების, შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების! “წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად; ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად. მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად! მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად”. ასმათ უთხრა: “ცრემლით, ლომო, მაგა ცეცხლსა რა ერგების! მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების! ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების, ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე დაედების. “მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა; ნუთუ ყოს ღმერთმან გაძლება, მემცა ვით მივეც ენასა! თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა. არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული; ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული; რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული! კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული. “კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან რაც არა დანაბადია! მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია, კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია; აწ ლხინთა ნაცვლად სოფლისა ჩალა მაქვს და ნაბადია. “მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით სახითა ერთით მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა: პირველ, შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა, კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა”. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს; ღმერთმან ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს! შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს”. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”. ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა; ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა; ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, მერმე სულთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა. მოთქვამს: “ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო! ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!”შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ავთანდილთანა
“ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა; საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა! იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა. “ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი. “მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი. “ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. თქვა: «წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები”; ბრძანა: «წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები». “ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა, შესთვალა: «შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა; აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა, სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა». “ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან. შესთვალა: «ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან, რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან. აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან». “ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამირბარობა. თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა. მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცთარობა; სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა. “თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა. თქვა: «ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!» ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა. “ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა. ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა! მეფემ ბრძანა: «შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა». “მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად; მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად. “ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა. ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა; ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა; არა ჰგაოდის ფარსადანს მისი არა-სმა შვილისა. “ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა, მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა; იტყოდეს ჩემნი მნახავნი: «მსგავსია ედემს ზრდილისა». აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა. “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. ესე რა თქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა: “შობა ქალი”. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი; თქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი! “წიგნი წიგნსა ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა, მოციქული - მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა; მზე და მთვარე განცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა; ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა. “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა. საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა. “საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა. ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა. აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!” ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა. თქვა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ ა. “მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი; მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წთობილი! “იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა; მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა, მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა; ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა. “მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა; ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა, კარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა; იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა! “დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა. “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა. “მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან; მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან! “მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა; ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა - ხსენება იშისა. “მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული; გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა: «შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული. «ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა». ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა, ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა: «შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა». “ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა; უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინა მდგომელთა; გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა, შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა. “მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად, მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად. არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-ვეც ამირბარად. “აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია; გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია! ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია, მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია”.შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა
კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა; მიბრძანა, თუ: «ქალი ვნახოთ», ხელი ხელსა დამიჭირა. მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?! “ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა. “მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა, გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა. ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა! “ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა. “ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა. მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა. ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა! “აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!” მისი ვერ გაძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი, ჭმუნვით თქვეს: “მკლავნი ცუდ ქმნილან, ვა, გმირთა მემუქარენი!” ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია; დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია, თქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია! “მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან. “დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა, დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა, რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა: გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა. “შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა. მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა. “მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია, ცრემლით მითხრა: «შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!» მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია, კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია. “სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან; მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან; მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან. “აქიმნიცა იკვირვებდეს: «ესე სენი რაგვარია? სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია». ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია. დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია. “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი; მერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი; ვთქვი, თუ: «ჰაი, რაშიგან ვარ მე სიცოცხლე-გარდამხდარი!» თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი. “ვთქვი, თუ: «ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!» მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე. “მე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს: «წამოჯდაო», დედოფალი გამორბოდა; მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა, იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა. “იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია; მე მოვახსენე: «პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია». ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემთანა მვლელია. “გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა. შინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქვი, თუ: «მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირსა!» “ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან. საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან: ვთქვი, თუ: «რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?» «მონააო ასმათისი». - «რა იცისო», ვარქვი, «ჰკითხე». შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე? მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე. “მე გამიკვირდა: «სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა». დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა. “დღენი გამოხდეს და გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა, ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა; დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა, მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა. “მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვერავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა; სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა. გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა. “ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას: რა მინა. «მონააო ასმათისი»; შემოყვანა ვუთხარ შინა. გულსა შინა დავუზრახე: «რა მპოვაო, ანუ ვინა?!» “მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყევ, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად ვსწერდი: «ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა; მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა». “გულსა ვარქვი, თუ: «ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ; აზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ». “კაცი მოვიდა მეფისა: «სწადსო ამბისა სმინება». მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: «ქმნაცა სისხლისა დინება?» მე ვჰკადრე: «ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება». “დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს: «ამის მეტსა ნუ იქმ აბა!» ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა, შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა, მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: «შაბა, შაბა!» “შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი. “ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად, შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: «ქალი ვინმე გიკითხავსო: «ინახვისა ამირბარი?» ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი»; ვარქვი: «საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი». “ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად; «შადი, - ვუთხარ, - ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად»; გამოვე და საწოლს შევე, მონა დადგა კარის მცველად. გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად. “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა; მითხრა: «მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც ა!» გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა? ვთქვი: «არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!» “შევე, დავჯე ტახტსა ზედა; ქალი მოდგა ნოხთა პირსა, ჩემსა ახლოს დასაჯდომად თავი მისი არ აღირსა; ვარქვი: «მანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?» მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა. “მითხრა: «დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა: გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა, მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა. ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა». “ადგა, მითხრა: «თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია».შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
“წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: «ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”. «ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია! ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია! «შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია, ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია. «მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე? მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!» “ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა; ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რა დამეთვალოდა! გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მელალოდა; მუნ პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალოდა”.შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
“დილასა შევჯე, ვუბრძანე: «ჰკარით ბუკსა და ნობასა!» სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა. ლომმან მივჰმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა. “დავაგდე მზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია; რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: «ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდონო, თქვენი თხანია». “მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი, მითხრეს: «გკადრებს, - ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი. «რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდე, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია; ჩვენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია». “გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით; მითხრეს, თუ: «ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ, გლახ, ენით: არიან მეტად მუხთალნი, - ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, - არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!” «ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა». “მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთვალე: «რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები; სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები; ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები». “მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი, ქველანი თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი, დავჰვედრე: «სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველდით, გიხმობ, თუ მინდენ შველანი». “სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: «მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა». “კვლაცა ეთქვა: «მართალია ეზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი». მოვახსენე: «დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი, ტკბილად ვნახნეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი». “მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა; კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა: «შენსა ნახვასა მეფენი, - თქვეს, - მართლად ინატრიდესა». “მითხრეს: «მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები». მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები, მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვეს ვით მაყრები. “კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების: ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: «დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქმნების. «მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი; მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი, პირი ვარდი, ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე, დამიწყნარდი”. «რომე ცუდად არ მოჰღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ; კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ, აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ”. «მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან; მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; კვამლსა შეიქმენ, ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან. რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან». “მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია: «რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია, თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!» “არვის გავენდევ სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია! მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია, შევსთვალე: «ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია». “მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე: «რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე». ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე. განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?! “ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე; ვთქვი, თუ: «მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ახე». მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე. “ვთქვი, თუ: «ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან? ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან. აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან?» “ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა; დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა; რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა, მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა. “მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა; კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა; ეთქვა, თუ: «ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ-ორგულობა, აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა». “შევსთვალე, თუ: «მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია; თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ, იგია! ბრძანეთ, მოდით, შეგვებენით, ვითა წესი და რიგია, მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია». “რა მივიდა მოციქული, კვლაცა რადღა გამოგზავნეს! კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს; სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს, შექმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს. “შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად; საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად; ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად. მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად. “ახლოს მივე, შემომხედეს, «შმაგიაო», ესე თქვესა. მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა; კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა, შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა! “შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი; კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი, ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი. “ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი; ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი; ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი. სითცა ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი. “საღამო-ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან: «ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან: მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან, ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან». “ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა, რა ეცნა, წამოსრულიყვნეს, ღამე-წამორთვით ეარა; ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა, გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გაიზეარა. “იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, შევჰკივლენით; ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით, მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით. “უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა; ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა, ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა. “მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად. ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა, არ-ნაღებად; ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად, ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად. “ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს; ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს; რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს, ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახეს, მეტად გაუკვირდეს. “გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე, ჩემთა მებრძოლთა სისხლითა მინდორი შევაღებინე, არ ვბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე. “რამაზს ვარქვი: «შემიგია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე, თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?» “რამაზ მითხრა: «აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე, ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე, ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე!» “მივეც ერთი დიდებული, თანა ყმანი წავატანენ, ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ, ხელთა მომცნეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ, საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ! “მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად; კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად; ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: «იყვენით თქვენ უკრძალავად, მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად». “საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდის-კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე; ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, თუმცა ჰნახე, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე! “ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად! ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად; არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არ ორხაულად; სიმტკიცე ჰგვანდის ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად. “იგი საძღვნოდ მისად დავდევ, ვისი შუქი მანათობდა; მეფისათვის დავარჩივე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა: ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, - ყველაკაი წვივ-მაგრობდა, - დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა”.შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
“ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე, მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე. “გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინარე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე, აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე. “იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; შორით ვუხმე: «რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?» მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა, მითხრა: «ღმერთმა სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა». “ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითხე: «რაშიგან ვართ? თქვი მართალი!» კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი, დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი. მერმე მითხრა: «მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე? მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე, დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!» “მიამბო: «ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიზახნა: «მიხმეთო», ხმა-მაღლად გახმამყივარდა; მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა. «ჰკადრეს: «აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან». მეფე ბრძანებს: «ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგნიან: მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან. «აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა! მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა! მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა? თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს ა». “მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის, და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის. «ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის. «დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: «თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან». მან ეგრე თქვა: «უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან! ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან». «პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხვე შენ ოდეს; შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს. დავარ მოთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს: «ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა, არა გლხენოდეს! «როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე? ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქმნევინე? აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!» «ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა. მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა «რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოიღეს, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა. «მან უთხრა: «წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია; წმიდისა წყალი ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია»; მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლად იყივლეს: «იპი-იპია». ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია. «ზღვათაკე გავლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქვა: «მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და! ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა». დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა. «რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!» საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშრობელსა. “მე ვუთხარ: «დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? - რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! - აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია». სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია. “მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომივიდა ცხრო და თრთოლა; გულსა ვუთხარ: «ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა. - აჰა ჟამი, ვისცა გინა ჩემი თანა წამოყოლა!» “შევე, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული; ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული, წამომყვა და წამოვედით, კართა გარე დარაზმული, ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული. “ნავსა ჩავჯე, ზღვასა შევე, ზღვასა შიგან გავალაგდი, არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გა-ვე-ვშმაგდი, რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი. “რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა, ვთქვი, თუ: «ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყო-ცა». “ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა, გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა; ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა! “ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემომგონანი. მისი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი: “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”. მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი. იტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა; მან არ იცის, რა მჭირს, ანუ სულ-დგმული ვარ ვისგან ვინა; უმისოდმცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე, ნუცა შინა! რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა! “თუცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს, ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს; გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უობს, არას კაცსა არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს. “სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა, გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა. “რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა! აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა. რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა; შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა. “აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე; სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, სამსახური აქანამდის, კვლა გავლენა გააკვლადე. “მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების, ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების! შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების; პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”. ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი; მოახსენა: “მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი! მაგრა რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი! წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი. “ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი?! ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი?! დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?!” ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან რაზომსამცა ცრემლსა ჰღვრიდი. “შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა, მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამი ასრე დამემტერა! ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდევ ვინმც მეფერა?! გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა! “თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად; არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად? გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად! ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად! “რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს; არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს. ხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს. მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს. “მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად; ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად! მას თუ დავთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?! “აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა; შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა, ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა”.შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
ქედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი, კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი; გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი; მეფე ბრძანებს: “მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი”. მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია; უბრძანა: “ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?” მათ მოახსენეს: “სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია, ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია”. გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა, მაგრა თავი უმეცარ ყვეს, არა მისცეს ყოლა გრძნობა; უცხოურად ეუბნების, მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა, არ ესმოდა ინდოური, არაბულად ყვეს უბნობა. უბრძანეს: “გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა”. მათ ჰკადრეს: “ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა; დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა, მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა”. თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობ, არის წყლიანი: “ფარსადან, მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი, მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი, კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, ღაწვ-ბადახშ, ყორან-თმიანი. “მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა. ამირბარმან სიძე მოკლა ხმა მეფესა დაუვარდა; იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა, ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა. “მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა, მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა; თვითცა მოკვდა უბედური მართ საცოცხლოდ არად ვარგა; იგი ქალი დაიკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა. “ცნა ამირბარმან, წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად, იგიცა წახდა, ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად; ორნივე გადაიკარგნეს, მათიღა პოვნა არს ძნელად; მეფემან ბრძანა: «ჰე ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?» “მეფე გაშმაგდა მათისა უღონო-ქმნილი ძებნისა; ვად შეიცვალა ინდოეთს ხმა წინწილისა, ებნისა; ცოტასა ხანსა გა-ვე-ძლო დება სახმილთა გზნებისა, აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა”. რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა, ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა; ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა; ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა. მომკალ, ქალსა თავ-შიშველსა თუ მზე ვითა ეურჩოსა! სული ვარდსა დავამსგავსე, თავ-მოხდილი - ყაყაჩოსა. თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იხმობს ვირებრ “ჩოსა”, ჰგავს, თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ხარხაჩოსა. ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია, თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია, ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია, მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია. იხოჭს და იგლეჯს, ზახილით ტირს სიტყვა-ხაფი უარე; სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე: “მოვკვე, მამაო, მე შენთვის შვილი ყოველთა უარე, ვერა გმსახურე ასულმან, ვერცა რა შეგაგუარე. “ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო, ჩემთა რა გაცნევს ამბავთა, გულისა მონაცემთაო! მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათობ თემთაო? რად არ დაიქეც, ქვეყანავ, რადღა ჰმართიხარ ზე, მთაო? ტარიელ მოთქვამს: “გამზრდელო, ჰა, ჰა, რა საქმე მსმენია! მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია?! მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა, სოფელი აღარ შენია, ღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია”. კვლა უბრძანებდეს: “გვიამბეთ ამბავი დანარჩომია”. მათ მოახსენეს: “პატრონო, ინდოეთს დიდი ომია, მოსულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია, რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია. “ჯერთ დედოფალი ცოცხალ ა, მკვდართაგან უფრო მკვდარია; იბრძვის ინდოთა ლაშქარი, თუც იმედ-გარდამწყდარია; გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია; მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია! “მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა, ჩვენცა, შავი; რამაზს წინა გამოვედით, მისრულად ვთქვით ჩვენი თავი; მეფე ჩვენი დიდი არის, მათ ეწადა მისი ზავი, გამოგვიშვა, წამოვედით, არა გვიყო ყოლა ავი”. რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა, ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა; დროშა მისი აიმართა, წინა არა აიფარა, აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!შოთა რუსთაველი
პოეტივეფხისტყაოსანი: დასასრული
გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა. გარდახდეს, გავლეს სოფელი, - ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! - ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა. ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად. დავითის ქმნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი! ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი. ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი! რასა ვინ ეძებთ, რას აქმნევთ? ბედია მაყივნებელი, ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია - შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ - სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა, ტარიელ - მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.
No comments:
Post a Comment